3 მიზეზი: რატომ სურთ პედაგოგებს დისტანციური სწავლების დატოვება სკოლაში დაბრუნების შემდეგაც?
ეპიდემიამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოულოდნელი და სწრაფი ნაბიჯები გადაადგმევინა. ვერავინ წარმოიდგენდა, ასეთი მცირე დრო თუ იქნებოდა საკმარისი პედაგოგების ონლაინმასწავლებლებად გადასაქცევად.
მიუხედავად დისტანციურ სასწავლო პროცესში თავდაპირველი შეფერხებებისა, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობელთა ჩართულობით სასწავლო წელი შედგა. პედაგოგებმა მოკლე დროში აუღეს ალღო სწავლების ახალ მეთოდს და გაიუმჯობესეს კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, თუ როგორი იქნება ახალი სასწავლო წელი, მოუწევთ თუ არა გაკვეთილების ჩატარება მასწავლებლებს ისევ დისტანციურად. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
მასწავლებლები იმედოვნებენ, რომ ახალ სასწავლო წელს სკოლის კედლებში შეხვდებიან და მოსწავლეების ჟრიამულს მოისმენენ. როგორც არ უნდა იყოს, პედაგოგები სასწავლო წელს ახალი უნარ-ჩვევებით ამთავრებენ და ფიქრობენ, რომ დისტანციური სასწავლო პროცესი ერთგვარი გაკვეთილი იყო მათ ცხოვრებაში.
etaloni.ge დაინტერესდა, გამოიყენებენ თუ არა მასწავლებლები დისტანციური სასწავლო რეჟიმის დროს შეძენილ უნარ-ჩვევებს სკოლაში, ჩვეული სასწავლო პროცესის დროს? რაში დაეხმარებათ კომპიუტერული უნარები და ონლაინ სწავლების მეთოდები? - ამ თემაზე ათეულობით პედაგოგს ვესაუბრეთ და გთავაზობთ 3 მაგალითს, თუ რა შემთხვევაში და როდის სურთ პედაგოგებს ახალი სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენება?
- „თიმსის“ საშუალებით დავალებების შემოწმება - როგორც პედაგოგები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ტრადიციული სასწავლო პროცესის დროს ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელია, ყველა მოსწავლეს შეუმოწმო შესრულებული დავალება და თვალი ადევნო, ვინ როგორ გაიგო ახსნილი მასალა, რადგან ერთ გაკვეთილზე ყველა მოსწავლის გამოკითხვა ვერ ხერხდება. ამიტომ, მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ „თიმსის“ პლატფორმა იძლევა საშუალებას, ყოველდღიურად აკონტროლო ყველა მოსწავლის საშინაო დავალება და ამბობენ, რომ თუ მიეცემათ საშუალება, აღნიშნულ პროგრამას ისევ გამოიყენებენ.
- პედაგოგის გაცდენების ანაზღაურება - მასწავლებლები გაკვეთილებს იშვიათად და ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში აცდენენ. ასეთ შემთხვევაში გაკვეთილს სხვა პედაგოგი ატარებს ან კლასის დამრიგებელი „აქცევს ყურადღებას“ მოსწავლეებს, რომ მათ გაცდენილი გაკვეთილის პერიოდში არ იხმაურონ. ხშირად, მასწავლებელს ერიდება დირექციისთვის თხოვნა, რომ გაათავისუფლონ პირადი მიზეზების გამო, თუნდაც ეს ჯანმრთელობას ეხებოდეს. ასეთ შემთხვევაში პედაგოგები ფიქრობენ, რომ დისტანციური სწავლება გამოსავალია: „55 წლის ვარ, თუმცა წნევა დიდი ხანია მაწუხებს. მაღალი წნევით ჩამიტარებია გაკვეთილი იმის გამო, რომ ჩემ მაგივრად ამას ვერავინ მოახერხებდა, მერიდება კიდეც, რომ კოლეგა შევაწუხო. თუ მომცემენ საშუალებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ხანდახან) გაკვეთილი სახლიდან ჩავუტარო ბავშვებს და არ გავუცდინო, მადლიერი ვიქნებოდი“, - ამბობს თბილისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ჩვენთან საუბარში.
- ექსტერნატის გამოცდების გაუქმება - ხშირად მოსწავლეებს საპატიოზე მეტი „არა“ უგროვდებათ ჟურნალში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დამატებითი გამოცდა უნდა ჩააბაროს რომ ნიშნით შეფასდნენ. ეს „არები“ შესაძლოა მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაგროვდეს. ასეთი ბავშვები წლის ბოლოს გამოცდისთვის ემზადებიან. თუ გამოცდას ვერ ჩააბარებენ, კლასში რჩებიან. მასწავლებლები ფიქრობენ, რომ კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის გამო აცდენენ სკოლას, მიეცემათ საშუალება, რომ სახლიდან ჩაერთონ ონლაინ გაკვეთილებში. ყოველდღიურად მიიღონ ცოდნა და არ ჩამორჩნენ პროგრამას, წლის ბოლოს კი გამოცდის გარეშე, დისტანციური სწავლების ფარგლებში შეფასდნენ.
ეს დისტანციური სწავლების რეჟიმის დადებითი მხარეების ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც მასწავლებლებმა გაგვანდეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე არ გამორიცხავს, რომ დისტანციური სწავლება შესაძლებელია ინტეგრირდეს სასწავლო პროცესში.
„დისტანციური სწავლება იძლევა მრავალფეროვნების შესაძლებლობას, საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარებას არაფერი შეცვლის, თუმცა შესაძლებელია ეს ფორმაც ინტეგრირდეს სასწავლო პროცესში. ძალიან კარგი მაგალითები გვაჩვენა ამან“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
თქვენ რაში გამოგადგებათ დისტანციური სასწავლო პროცესის დროს შეძენილ უნარ-ჩვევებს? როგორ გამოიყენებთ ონლაინ გაკვეთილებს მაშინ, როდესაც სკოლებს დაუბრუნდებით?