განათლების მინისტრის კომენტარი ეროვნული გამოცდების თარიღის გადაწევის შესახებ
27-05-2020
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ეროვნული გამოცდების თარიღის შესაძლო გადაწევაზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.
ჩხენკელმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით ერთადერთი ცვლილება შესაძლოა გამოცდების აგვისტოში გადატანა იყოს და კონკრეტული თარიღების შესახებ დეტალები ივნისში, სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღის და ფორმატის ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება. როგორც წინა წლებში ხდებოდა, ივნისში, ძალიან მალე მოხდება ოფიციალური განცხადების გაკეთება კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით. ერთადერთი შესაძლო ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, არის გამოცდების აგვისტოსკენ გადატანა. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კონკრეტული ეპიდსიტუაცია. დეტალებთან დაკავშირებით იქნება სპეციალური ბრიფინგი, რომელიც შედგება ივნისში. კონკრეტული თარიღები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, გაცხადდება ამ ბრიფინგზე“, - განაცხადა ჩხენკელმა.