5-კრედიტიან ტრენინგზე რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებში დასრულდა. იმის მიუხედავად, რომ უკვე თვეზე მეტია გასული, დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე უკვე დარეგისტრირებული მასწავლებლებისთვისაც უცნობია.
როდის დაიწყება 5-კრედიტიანი ტრენინგები? - ეს კითხვა დღეს პრაქტიკოსი მასწავლებლების უდიდეს ნაწილს აქვს. თუმცა კითხვაზე პასუხი ფაქტობრივად არ არსებობს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი etaloni.ge-ს დეტალებზე ვერ ესაუბრება და ამბობს, რომ უცნობია, როდის და რა ფორმით ჩატარდება ტრენინგები. ამასთან, ერთ-ერთ კომენტარში მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, ტრენინგის ონლაინ ფორმატში ჩატარების ვარაუდიც დაუშვა. თუმცა, მეტი დეტალი მისი მხრიდან არ დაკონკრეტებულა.
იმის მიუხედავდ, რომ რეგისტრაციიდან საკმაოდ დიდ დროა გასული და საკმაოდ ცოტა დრო რჩება სემესტრის დასრულებამდე, პედაგოგები მაინც გაურკვეველ ვითარებაში არიან. ფაქტია, სასწავლო წლის დასრულებალმდე სულ 2 კვირაღა რჩება და თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრენინგები ამ სასწავლო წლის დასრულებამდე არც დაიწყება. არც იმის მოლოდინი არსებობს, რომ მასწავლებლები ამ ტრენინგებს ზაფხულის პერიოდში გაივლიან. არადა, აღნიშნულ ტრენინგებზე მასწავლებელთა სტატუსის ცვლილებაა დამოკიდებული, შესაბამისად, ეს მოლოდინსა და ინტერესს აორმაგებს.
მოგეხსენებათ, აღნიშნული ტრენინგების ჩატარების მიზანი ის იყო, რომ იმ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებსაც 19 კრედიტქულამდე მაქსიმუმ 5 კრედიტი აკლდათ, სწორედ ამ ტრენინგების საშუალებით შეევსოთ დანაკლისი, რის შემდგომაც ისინი სტატუსის ამაღლებას შეძლებდნენ. როგორც ჩანს, ეს დანაკლისი ჯერ კიდევ ვერ შეივსება და პრაქტიკოს პედაგოგებს უფროსი სტატუსისკენ მიმავალ გზაზე მოცდა მოუწევთ.
იხილეთ ასევე: მასწავლებლის სახლის ტრენინგების ხელმძღვანელი ნინო გორდეზიანი 5-კრედიტიანი ტრენინგის დეტალებზე საუბრობს