განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებს მოსწავლეთა შეფასების ახალი სქემა განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გააცნო. ახალი სქემის მიხედვით, სკოლას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ შეაფასებს მოსწავლეს წლის ბოლოს, პირველი სემესტრის ნიშნის გათვალისწინებით თუ ონლაინ სწავლებაში ჩართულობისა და აქტივობების შესაბამისად.
etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად შრომატევადია მასწავლებლებისთვის ნიშნების გამოყვანის ახალი სისტემა. უფრო გაურთულდათ თუ არა პედაგოგებს სამუშაო? - ამის გასარკვევად სკოლის დირექტორებს დავუკავშირდით:
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ხვიჩია:
„ჩვენ შევთანხმდით, რომ გავითვალისწინებთ პირველი სემესტრის ნიშანს, მეორე სემესტრის ექვსი კვირის შეფასებას და დისტანციური სწავლების შედეგებს. მე თავად ქართულის მასწავლებელი ვარ, მოსწავლეების აზრიც მაინტერესებდა და შევთანხმდით. პროექტებიც გვაქვს, შემაჯამებელი ტესტებიც, თემები, საშინაო დავალებებიც და შევთავაზე, რომ თუ მათი სურვილი იქნებოდა, დისტანციური სასწავლო პროცესის დროს შესრულებული დავალებების შეფასების ყველა კრიტერიუმს შევიმუშავებდი და ქულებს დავწერდი. მოსწავლეები დამთანხმდნენ. ბავშვების სურვილი იყო, რომ მათ მიეღოთ განმსაზღვრელი შეფასებები. შეფასებულიყო ყველაფერი: საშინაო დავალება იქნებოდა, ესე, საპრეზენტაციო ფორმატი თუ სხვა აქტივობა. ონლაინ სწავლების დროს შემუშავებული გვქონდა კრიტერიუმები, რომლებიც მოსწავლეებთან შევათანხმეთ. შრომატევადი იყო შეფასების კრიტერიუმების მორგება ონლაინ სწავლებისთვის, მაგრამ ერთხელ რომ დაიწერა ქულა, შემდეგ უკვე აღარ იყო რთული. ნიშნის გამოყვანის პრობლემა არ გვაქვს, ელექტრონული ჟურნალი შევიმუშავე, ექსელის ფორმატშია ეს ყველაფერი და როდესაც ნიშნებს ვწერთ ავტომატურად ვაჯამებთ, ამ მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია“.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კართუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ხაჩიძე:
„რაც ახალია, იმას სირთულეები ახლავს, მაგრამ პედაგოგები არიან ისეთი მონდომებულები, ჩართულები და ჩახედულები ამ საქმეში, რომ იმედია, ყველაფერი კარგად გამოგვივა. დისტანციური სწავლების დროს კომენტარებით ვაფასებდით მოსწავლეებს. პირველი სემესტრის ნიშანს ვიყენებთ მე-12 კლასის შეფასებისას. მე-5 კლასში პირველი სემესტრის შეფასებას ვერ გამოვიყენებთ, რადგან მათი განმსაზღვრელი შეფასება მეორე სემესტრიდან იწყება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი სემესტრის მიხედვით გამოვუყვანოთ ნიშნები ბავშვებს. შრომატევადი არის ეს პროცესი, მარტივი არაფერია რაც ახალია, მაგრამ, როცა მუშაობა გინდა და ბავშვებს ემსახურები, ცდილობ, რომ ყველაფერი კარგად გამოგივიდეს“.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გომაროს საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ შავაძე:
„სემესტრული ნიშნის დაწერა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს იმ მონაცემებზე და შეფასებებზე დაყრდნობით, რაც მათ უკვე აქვთ. დისტანციური სწავლების დროს ქულები არ იწერებოდა, განმსაზღვრელი შეფასება არ იყო, უფრო განმავითარებელ შეფასებას იყენებდნენ პედაგოგები და ამდენად, ძირითადად დავეყრდნობით პირველი სემესტრისა და მეორე სემესტრის ექვსი კვირის განმსაზღვრელ შეფასებებს“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას თემის საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ ხასაია:
„ახლა ნიშნის გამოსაყვანად პირველი სემესტრის ნიშანს ვითვალისწინებთ. მოსწავლეებს პირველი ნიშნის მიხედვით მეორე სემესტრის საბოლოო ნიშანზე პრეტენზია არ განუცხადებიათ, მითუმეტეს მე-12 კლასელებს. საბოლოოდ, მეორე სემესტრის ნიშნის გამოყვანა ძალიან შრომატევადი პროცესია მასწავლებლებისთვის“.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გვიმრიანის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბურკაძე:
„არ ვთვლით, რომ შეფასების სისტემაში რამე გართულდა. წლიური ნიშნის გამოყვანაზე ყველა პედაგოგის საერთო აზრი იყო, რომ პირველი სემესტრის შედეგებისთვის დაგვემატებინა დისტანციური სწავლების შედეგები. სირთულე, ამ ეტაპზე, ჩვენს პედაგოგებს არ აქვთ. შრომატევადი არის ორივე სემესტრის მიხედვით ნიშნის გამოყვანა, თუმცა ამან რომ შექმნას რაიმე გართულება, ასე არაა“.
შუახევის მუნიციპალიტეტის კარაპეტის საჯარო სკოლის დირექტორი ვალოდია ზოიძე:
„მეორე სემესტრის ნიშნებს გამოვიყვანთ ასე - პირველი სემესტრის ქულას პლუს იმ ექვსი კვირის შედეგები, სანამ სკოლაში სწავლობდნენ ბავშვები. ამას დაემატება კიდევ განმავითარებელი შეფასება მასწავლებლისა. გამომდინარე იქიდან, როგორ დაძლია ბავშვმა, ჩაერთო თუ არა დისტანციურ სწავლებაში, რა შედეგებს მიაღწია, მონაწილეობდა თუ არა, მასწავლებლის მიერ მითითებულ ყველა დავალებას ასრულებდა თუ არა, მშობელი როგორ ეხმარებოდა, რა მიღწევა ჰქონდა, რა ჩამორჩენა - ყველაფერი აისახება. ახალი შეფასების მიხედვით, ნიშნების დაჯამება და საბოლოო ნიშნის გამოყვანა, რა თქმა უნდა, გართულდა. გართულდა და სრულყოფილად ვერ აისახება ბავშვის ცოდნის დონეს ონლაინ სწავლების დროს, როგორც ამას კლასში პირდაპირი მეთოდით ვაფასებდით, მაგრამ რაცაა მონაცემი იმას დავეყრდნობით, ამ ეტაპზე ასეა საჭირო“.
ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის დირექტორი ია გეგელაშვილი:
„ნიშნის გამოსაყვანად გავითვალისწინებთ პირველი სემესტრის შეფასებას და იმ ექვს კვირას სანამ სკოლაში დავდიოდით. ონლაინში მუშაობასაც ვაფასებთ, ბავშვები როგორ მუშაობენ. თითოეულმა მასწავლებელმა იცის მოსწავლეთა ჩართულობა ონლაინში, აღრიცხვას აკეთებენ. გვაქვს ჟურნალი. ონლაინ გაკვეთილებში ქულებს არ წერდნენ პედაგოგები, არ გვქონდა ასეთი რეკომენდაცია. განმავითარებელი შეფასებით ვხელმძღვანელობდით. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ ბავშვი ინდივიდუალურად შეფასებულიყო. თუ მოსწავლე უკმაყოფილო იქნება პირველი სემესტრის შედეგით, აქვს უფლება რომ გადააბაროს საგანი“.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დიდგორის საჯარო სკოლის დირექტორი კარლო სუბელიანი:
„საბოლოო ნიშანს პირველი სემესტრის მიხედვით დავწერთ. მოსწავლეები პრეტენზიას არ გამოთქვამენ გასული სემესტრის ნიშნის გათვალისწინების გამო. სამინისტროსგან იყო სამი სახის შეფასების მითითება საბოლოო ნიშნის გამოყვანაზე. ჩვენ არ გვქონია განმსაზღვრელი შეფასება ონლაინ სწავლებისას. მოსწავლეების მცირე რაოდენობა გვყავს და ჩვენ პირველი სემესტრის შედეგები ავიღეთ, იმიტომ, რომ ვიცოდით მათი ცოდნის დონე. მეტ-ნაკლებად არანაირი ცდომილება არ იქნებოდა. რაც შეეხება მე-12 კლასელებს, მათაც არ გამოუთქვამთ ნიშნის გამო პროტესტი“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბორჩაშვილი:
„ამ საკითხზე უნდა შევჯერდეთ, პედსაბჭო გვაქვს ჩანიშნული. ვფიქრობთ, ინდივიდუალურად მივუდგებით თითოეულ ბავშვს და საჭიროების მიხედვით მოვიქცევით. დისტანციური სწავლების დროს ქულებსაც ვწერდით. ვიყენებდით ორივე შეფასებას, განმავითარებელსაც და განმსაზღვრელსაც. შრომატევადი იქნება საბოლოო ნიშნების დაწერა ისე, როგორც აქამდე. დისტანციურად ხომ გვქონდა ურთიერთობა მოსწავლეებთან და შესაბამისად, პედაგოგები მიღებულ ქულებს გამოიყენებენ შეფასების გამოყვანისას“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის პედაგოგი მაია კვენიაშვილი:
„რთული არაფერია ნიშნის გამოყვანაში. დისტანციური სწავლების დროს განმავითარებელ შეფასებას ვიყენებდით. ახლა ნიშნების გამოყვანის დროს სამინიტროს რეკომენდაციის შესაბამისად ვიხელმძღვანელებთ. პირველი სემესტრის ნიშნებით და მეორე სემესტრში ჩატარებული გაკვეთილების მიხედვით გამოვიყვანთ საბოლოო ქულებს, თუმცა დისტანციური სწავლების დროს განმავითარებელ შეფასებას ვიყენებდი და მიმაჩნია, რომ ასეთი შეფასება უფრო საჭირო იყო, ვიდრე განმსაზღვრელი. ვიცი, ვინ რა შედეგებს მიაღწია, რა კუთხით უნდათ მუშაობა და რა შეფასება უნდა მივცე. უფრო ახლო კონტაქტი მქონდა და უფრო სიღრმისეულად ვიცი თითოეული ბავშვის მიღწევა დისტანციური სწავლების პერიოდში“.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფონის საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ მუმლაძე:
„საბოლოო ნიშნების დაწერაში სირთულე არ გვაქვს. მოსწავლეები უნდა შევაფასოთ მეორე სემესტრის იმ ექვსი კვირის მიხედვით, სანამ სკოლაში დავდიოდით. პირველი სემესტრის ნიშნებსაც გავითვალისწინებთ. სრულყოფილად ბავშვი მაინც ვერ შეფასდება, რასაც ჰქვია შეფასება. მაგალითად, რასაც პირველ სემესტრში ვერ მიაღწია ბავშვმა, მეორე სემესტრში აპირებდა ნიშნის გამოსწორებას, მეორე სემესტრში კი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ამან თავისებური დაღი მაინც დაასვა.“