''მასწავლებელი, რომელმაც 40 წელი იმუშავა, შეუძლებელია გამოცდის წინაშე დააყენო'' - განათლების მინისტრი აბაშის რაიონის პედაგოგებს შეხვდა
03-10-2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აბაშის რაიონის პედაგოგებს შეხვდა და სქემის ფარგლებში არსებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
 
შეხვედრა კულტურის სახლში ჩატარდა და ის მონოლოგის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასაწყისში  მინისტრმა პედაგოგებს მათი საქმიანობის გამო მადლობა გადაუხადა და მათი მუშაობა გმირობად შეაფასა.  
 
ცვლილებეზე საუბრისას, მინისტრი იმ აქტივობებს შეეხო, რომლებიც პედაგოგებს ძველი სქემის ფარგლებში უნდა განეხორციელებინათ, თუმცა მისივე განცხადებით,  სქემის განახლებული ვარიანტი მასწავლებლებს მუშაობას საგრძნობლად გაუადვილებს. 
 
განათლების მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საგნობრივ გამოცდაში არსებულ ბარიერულ სისტემაზე გაამახვილა:  

,,სამარცხვინო რეალობის წინაშე იდგნენ პედაგოგები. მასწავლებელი, რომელმაც 40 წელი იმუშავა, შეუძლებელია გამოცდის წინაშე დააყენო. ჩვენ ვაუქმებთ ბარიერულ სისტემას, თუმცა საგნობრივი გამოცდა არ მოიხსნება და მასწავლებელს კონკრეტული კრედიტქულა სწორედ გამოცდისას დაფიქსირებული ქულების ოდენობის მიხედვით მიენიჭება.“  
 
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, განსაკუთრებით გამახვილდება ყურადღება დამამათავრებელ კლასებზე, რომლებიც გაძლიერებული სწავლების სისტემაზე გადავლენ და შესაბამისად, რეპეტიტორებთან დროისა და ფულის ხარჯვა აღარ მოუწევთ.   

მათთან დამატებითი მუშაობისთვის კი პედაგოგებს კრედიტები მიენიჭებათ. სიახლეებზე საუბრისას, მინისტრი ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატან ცვლილებებსაც შეეხო და მისი გამარტივების ინიციატივით გამოვიდა:  

,,მოსწავლეს არ უნდა შევაზიზღოთ სკოლა. არ უნდა წავართვათ მას ბავშვობა. ახლანდელი სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ მოსწავლეს თითქმის მთელი დღე უწევს გაკვეთილის მომზადება. არადა ეს მისი ცხოვრების ის ეტაპია, თამაშისთვისაც რომ უნდა ეცალოს“. 

რაც შეეხება პედაგოგთა მიერ სკოლის დატოვების საკითხს, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს რეფორმა არ იქნება მიბმული გამოცდაზე მიღებულ შედეგზე და სამინისტრო არცერთ პედაგოგს არ დაითხოვს სამსახურიდან.   

მისივე განმარტებით, პედაგოგის სკოლაში ყოფნა-არყოფნის საკითხი სამეურვეო საბჭოს მიერ უნდა გადაწყდეს.   

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა პედაგოგებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203