მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის მენეჯერი ნინო ბერიკაშვილი სკოლაში დასაქმებული მაძიებელი პედაგოგების პროტესტს გამოეხმაურა და პედაგოგების ჯგუფში - მაძიებელი მასწავლებლები 2019-2020, პოსტი განათავსა:
„მსგავსი ჯგუფები ზოგადად იქმნება იმ მიზნით, რომ ადამიანებმა გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, დაეხმარონ კოლეგებს, გაცვალონ ინფორმაცია, რესურსი, ლიტერატურა სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემი ამ ჯგუფში ყოფნაც.
ბოლო პერიოდში ამ ჯგუფს სულ სხვა დატვირთვა აქვს, გამუდმებული უკმაყოფილება და წუწუნი იმაზე, რატომ უნდა ჩაატაროთ ამდენი გაკვეთილი, რატომ აბარებთ გამოცდას 10 კრედიტზე, მუდმივი დაკნინება და ქილიკი თქვენს კოლეგებზე და მათი კრედიტების თვლა. ამას დაემატა თქვენი აღშფოთება რეფლექსიების რაოდენობაზე. მინდა მოგახსენოთ რამდენიმე რამ:
1) თქვენ შრომობთ სტატუსის მოსაპოვებლად და ეს ვერ მოხდება გარკვეული რეგულაციების და წესების გარეშე;
2) როდესაც სკოლაში მაძიებლის სტაუსით შედიოდით ალბათ იკითხეთ რისი გაკეთება მოგიწევდათ (ვგულისხმობ აკადემიურ კურსს პრაქტიკულ კურსს და ასევე გამოცდასაც, სადაც გადასალახი გაქვთ ან უკვე გადალახული 60 პროცენტიანი ზღვარი) არ იყავით ამის წინააღმდეგი და დაეთანხმეთ ამ წესებს;
3) არავინ არ ელოდა პანდემიას და მარტო თქვენ არ ხართ ამ სიტუაციაში მომავალ სასწავლო წელს ელოდებიან წამყვანი მასწავლებლები, რომლებმაც ვერ გაიარეს გარე დაკვირვება;
4) ვერ მოხდება ონლაინ გაკვეთილების შეფასება ამ ეტაპზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ არსებობს ონლაინ შეფასების ინსტრუმენტი, ვერ დააკმაყოფილებთ არსებულ შეფასების რუბრიკას, რაც უფრო გაგირთულებთ საქმეს;
5) რაც შეეხება რეფლექსიებს პროგრამაში გიწერიათ განმარტება კურსის რეფლექსია, რაც გულისხმობს ყველა კურსის რეფლექსიას შეფასებადია ის თუ არა. არ ფასდება ნიშნავს, რომ არ გიჩანთ შეფასება პროგრესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელმა არ უნდა იმუშაოს ამ კურსებზე და არ უნდა დაწეროს რეფლექსია;
6) მთელი ჩვენი გუნდი მუდმივ რეჟიმში თითქმის 24 საათი ყველა საშუალებით ვცდილობთ თქვენს თანადგომას, დახმარებას, გამხნევებას და ველოდებით, როდის გვეყოლება პირველი სტატუსშეცვლილი მასწავლებლები. სანაცვლოდ ამ ბოლო დროს ვიღებთ შეურაცხმყოფელ და ცინიკურ პოსტებს;
7) არ ვართ ჩასაფრებული, პირიქით, წარუმატებლად გავლილი მოდულების შემთხვევაშიც გაძლევთ განმეორებით გავლის და შედეგის გაუმჯობესების საშუალებას, მოგიხსენით ატვირთვა-გამოქვეყნების ვადებზე დაწესებული შეზღუდვები, გაძლევთ ხარვეზით ატვირთული და გამოქვეყნებული დოკუმენტების გასწორების საშუალებას.
და ბოლოს, მინდა მოგიწოდოთ, თავი შეიკავოთ, საკმარისია ამდენი ცინიზმი! ყველა პროფესია მოითხოვს პროფესიულ განვითარებას და არცერთ პროფესიაში ყოფნა არ არის მარტივი თუ გინდა დარჩე პროფესიაში და იყო წარმატებული.
გმადლობთ, იმედს ვიტოვებ, რომ გადავალთ თანამშრომლობის რეჟიმზე! გისურვებთ წარმატებებს!" - დაწერა ნინო ბერიკაშვილმა.
ამ პოსტის შემდეგ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის მენეჯერმა ჯგუფი - მაძიებელი მასწავლებლები 2019-2020 დატოვა.
ცნობისთვის, მაძიებლების პროტესტის შესახებ ინფრომაცია ჩვენს საიტზეც გამოვაქვეყნეთ - „ცინიკურები კი არა, მოტყუებულები ვართ!“ - რატომ დაუპირისპირდნენ მასწავლებლის სახლს მაძიებელი პედაგოგები? აღნიშნულ სტატიაში მოცემულია მაძიებელი მასწავლებლების უარყოფითი გამოხმაურება, რაც განათლების მინისტრის ახალ ბრძანებას მოჰყვა. ცვლილების თანახმად, მაძიებელი პედაგოგები, რომლებიც პროგრამის ხელმძღვანელის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდნენ, ეპიდემიის გამო, უფროსი მასწავლებლის სტატუსს დათქმულ დროში ვერ მოიპოვებენ. პედაგოგები სწორედ პრაქტიკული კურსის სექტემბერში გადატანას აპროტესტებენ და მასწავლებლის სახლს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პროგრამის დასრულებისას გაიგეს, რომ დამატებითი აქტივობები იყო საჭირო, თუმცა ისინი ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია.