პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებიდან 3 საათში 13 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა. რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს დაიწყო და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში etaloni.ge-ს განუცხადეს, 12 საათის მონაცემებით 13 636 ბავშვია დარეგისტრირებული. 2020-2021 სასწავლო წლისთვის კი საერთო ჯამში 50 000-დან 51000-მდე პირველკლასელს ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მიერ 83 678 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული, ამ დროისთვის სულ 36 477 მოსწავლეა რეგისტრირებული და დარჩენილი ლიმიტის რაოდენობა 47 201-ია.
თბილისის სკოლებში განსაზღვრული ადგილების რაოდენობა 16 623 იყო, რეგისტრაციის შედეგად კი 14732 ადგილი შეივსო, ხოლო თავისუფალი 1891 ადგილია დარჩენილი.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ხარვეზები არ ყოფილა, თუმცა მშობლების ნაწილი უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამს.
როგორც სოციალურ ქსელში მშობლები აღნიშნავენ, მათ ნაწილს პრობლემა საიტის გახსნისას შეექმნა. მათი თქმით, სარეგისტრაციო საიტი ზუსტად 9 საათზე არ გახსნილა, ნაწილმა, კი სასურველ სკოლაში ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოახერხა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, კი რეგისტრაციის მსურველთა ჭარბი რაოდენობის გამო, შესაძლებლი იყო ვებგვერდის ჩამოტვირთვას მცირე დრო დასჭირვებოდა.
იხილეთ ასევე: როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თუ ბავშვი სასურველ სკოლაში ვერ დაარეგისტრირა? - განათლების სამინისტროს რჩევა
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო
როგორ უნდა დაარეგისტრიროთ შვილი სასურველ სკოლაში - რჩევები პირველკლასელთა მშობლებს
ცნობილია ასაკი, რომელსაც პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე არ უნდა აღემატებოდეს - რამდენი წლის ბავშვს ვერ დაარეგისტრირებთ ხვალ?