სკოლამდელი განათლების დარგობრივი მახასიათებელი შემუშავდა - რა ცოდნას უნდა ფლობდეს საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებული?
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლამდელი განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლები შეიმუშავა.
უწყების განმარტებით აღნიშნული დარგობრივი მახასიათებლების განხილვაში ჩართვა და რეკომენდაციების გაცემა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
„საჯარო განხილვის მიზანს წარმოადგენს საბჭოს, სამუშაო ჯგუფის ან გარე ინიციატორის მიერ ცენტრში წარდგენილი პროექტის განხილვის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა და რეკომენდაციების მიღება“, - აღნიშნავენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
რეკომენდაციების მიღება 3 ივნისიდან 17 ივნისი ჩათვლით არის შესაძლებელი ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე: Info@eqe.ge
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი განსაზღვრავს სკოლამდელი განათლების ბაკალავრის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამების შესწავლით მისაღწევ მინიმალურ კომპეტენციებს, რომელიც ასევე მოიცავს ადრეული განვითარების სფეროს.
სკოლამდელი განათლება მოიცავს ადრეული ასაკის (0-დან 8 წლამდე) ბავშვის განათლებისა და განვითარების შესახებ მეცნიერულ ცოდნასა და პროფესიულ პრაქტიკას, რომელიც ადამიანის ცხოვრების ყველაზე სენსიტიურ და კრიტიკულ პერიოდს უკავშირდება. ეს არის ინტენსიური ზრდისა და განვითარების ეტაპი, რომლისთვისაც ხარისხიანი განათლება და განვითარების ხელშემწყობი გარემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ ბავშვის აწმყოსა და მომავლის, ხოლო მეორეს მხრივ, სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის.
ჩარჩო დოკუმენტში ასევე აღნიშნულია სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების სწავლის შედეგების შემდეგ რა ცოდნას უნდა ფლობდეს პირი:
- იცის ადრეულ ასაკში (დაბადებიდან 8 წლამდე) ბავშვის განვითარების მახასიათებლები, შესაბამისი თეორიები და იაზრებს ბავშვის ადრეულ განვითარებას ჰოლისტური პერსპექტივიდან;
- იცის ადრეული ასაკის ბავშვთა სწავლა-სწავლების სხვადასხვა სტრატეგია და იაზრებს თამაშის ცენტრალურ მნიშვნელობას და ამ პროცესში ბავშვის აქტიურ როლს;
- იცის ბავშვებთან კომუნიკაციისა და მათი მონაწილეობის ხელშეწყობის სტრატეგიები;
- აცნობიერებს და იზიარებს საბავშვო ბაღის და თემის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში ბავშვების მონაწილეობის მნიშვნელობას;
- იცის სოციალური მრავალფეროვნების კონტექსტში მუშაობა და იაზრებს დემოკრატიული და ინკლუზიური მიდგომების პრინციპებსა და მნიშვნელობას;
- იცის მშობლებთან და ადგილობრივ თემთან თანამშრომლობის პრინციპები და სტრატეგიები; იაზრებს მშობლების როლსა და მნიშვნელობას ბავშვის განვითარების პროცესში;
- იცის გუნდური მუშაობა და აცნობიერებს დემოკრატიული და კრიტიკულად რეფლექსიური მიდგომის მნიშვნელობას სამუშაო პროცესში;
- იცნობს სკოლამდელ განათლებაში არსებულ სიტუაციას ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;
- აცნობიერებს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებისა და ოჯახების აქტიურ მონაწილეობას, სოლიდარობასა და სიცოცხლის მანძილზე სწავლას;
- იცის ადრეული ასაკის ბავშვზე ზრუნვა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საფუძვლები.