შემცირდება თუ არა გაკვეთილის ხანგრძლივობა სექტემბრიდან და რას გამოიწვევს ეს? - დირექტორების მოსაზრებები
04-06-2020

როგორი იქნება ახალი სასწავლო წელი, ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა თუ შეგვიძლია. უამრავი რეკომენდაცია და ახალი წესები ვრცელდება, რომლების გათვალისწინებაც სკოლებს მოუწევთ. მით უფრო მაშინ, როცა კორონავირუსთან თანაცხოვრობა უნდა ვისწავლოთ. ერთ-ერთი რჩევაა გაკვეთილის ხანგრძლივობის შემცირება, რათა ერთ სივრცეში მასწავლებელმა და მოსწვალეებმა ნაკლები დრო გაატარონ. 

სექტემბრიდან მოუწევთ თუ არა სკოლებს საგაკვეთილო დროის შემცირება და მოახდენს თუ არა ეს ფაქტორი გავლენას განათლების ხარისხზე? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ საჯარო სკოლის დირექტორებს მიმართა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თოხაძე:

„ალბათ საჭირო იქნება საგაკვეთილო დროის შემცირება ორ ცვლიანი თუ გახდება სკოლა. თუმცა ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ამის საშიშროება არ გვაქვს, თავისუფლად შევძლებთ მოსწავლეთა დისტანცირებას. ერთი კლასი გვყავს, სადაც 15 მოსწავლეა და იმასაც დიდ საკლასო ოთახში დავსვამთ და დისტანცირებას მოვახერხებთ.

თუმცა სხვა სკოლებში თუ ორ ცვლიანზე გადავა სასწავლო პროცესი, მით უმეტეს ზამთრის პერიოდში, ალბათ შემცირდება გაკვეთილის დრო, ისე ვერანაირად წარმართავენ სასწავლო პროცესს. რაც თავისთავად გავლენას იქონიებს განათლების ხარისხზეც. ჯერ 45 წუთიც არ არის საკმარისი, რადგან სახლში ჯდომამ და დისტანციურმა სწავლებამ სულ სხვანაირად დამანახა ჩემი მოსწავლეების საჭიროებები. გაკვეთილის პროცესში კიდევ ვერ ვგრძნობდი ამ განსხვავებულობას. ყველა ბავშვი რომ მაქსიმალურად ჩართო სასწავლო პროცესში ამისთვის 45 წუთი არ არის საკმარისი და კიდევ უფრო რომ შემცირდება, თუნდაც 5 წუთით ეს აისახება სასწავლო პროცესზე“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კართუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ხაჩიძე :

„ზუსტ პასუხს ნამდვილად ვერ გეტყვით თუმცა ჩვენც, მასწავლებლებიც ვფიქრობთ როგორი იქნება ახალი სასწავლო წელი. ჩვენს სკოლაში რამდენიმე სოფლიდან დადიან ბავშვები, რომლებსაც ტრანსპორტი ემსახურებათ, შესაბამისად ამ დროს ისიც უნდა გავითვალისწინოთ ტრანსპორტი როგორ იქნება, თუ ისევე კარგად იქნება, როგორ ეს იყო, მაშინ შეიძლება პრობლემა არ იყოს, თუმცა თუ ფეხით მოიწევთ ბავშვებს წასვლა ეს შეიძლება გაჭირდეს“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გელაშვილი:

„არ მგონია გაკვეთილების დროის შემცირება საჭირო იყოს. ადრეც ხომ ტარდებოდა ორ ცვლაში გაკვეთილები. რამდენად მოახდენს ეს ყველაფერი გავლენას განათლების სისტემაზე, ამას ალბათ, უფრო სამინისტრო გადაწყვეტს, მაგრამ ჩემი აზრით, 45 წუთის შემცირება არ შეიძლება, მე თუ მკითხავთ საერთოდაც 1 საათიანი გაკვეთილები უნდა იყოს“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გვიმრიანის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბურკაძე:

„ჩემი სკოლა, საბაზო სკოლაა, დილის და საღამოს ცვლა გვაქვს და ამის გამო არც საგაკვეთილო დრო გვაქვს შემცირებული. ერთადერთო როცა ზამთრის სეზონი დგება და დღის ხანგრძლივობა იკლებს, ამ დროს გვიწევს 5 წუთით საგაკვეთილო დროის შემცირება, თორემ ჩვენ სულ ასე ვსწავლობთ, ამიტომ არ მგონია ეს პრობლემა იყოს. ნოემბრიდან აპრილის 15 რიცხვამდე 40 წუთიანი გაკვეთილები გვაქვს და ჩვეულებრივ ვეტევით. სასწავლო პროცესიც ამ დროს ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“.

შუახევის მუნიციპალიტეტის წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად ველიაძე:

„ორ ცვლაზე გადასვლა საჭირო იქნება იმ სკოლებისთვის, ვისაც ბავშვების დიდი რაოდენობა ჰყავს და ასეთ დროს ვფიქრობ 40 წუთიანი გაკვეთილების ჩატარება უმჯობესია, მითუმეტეს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა დღე მოკლდება. ეს 5 წუთი კი შეიძლება სხვადასხვა ვიდეო რგოლების და აქტივობების საშუალებით ანაზღაურდეს“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფონის საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ მუმლაძე:

„რა გითხრათ, არ მგონია გაკვეთილების შემცირება საჭირო იყოს. ჩემს სკოლაში მით უმეტეს, არ ვფიქრობ რომ ეს სიახლე შეგვეხება, რადგან მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ“.

შუახევის მუნიციპალიტეტის წყაროთის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაკაშიძე:

„მე სულ 35 ბავშვი მყავს და არ მგონია ჩვენ შეგვეხოს ეს ცვლილება. ზოგადად გამოიწვევს თუ არა ორი ცვლა გაკვეთილების დროის შემცირებას, ჩემი აზრით ეს უფრო სკოლის ტერიტორიაზე იქნება დამოკიდებული. მაღალმთიან ადგილებში ორი ცვლა პრობლემა იქნება, ქალაქში არ მგონია პრობლემას წარმოადგენდეს ეს ამბავი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203