პედაგოგების შვებულება: მოუწევთ თუ არა მასწავლებლებს ზაფხულში სკოლაში სიარული და როდის დაისვენებენ?
08-06-2020

მასწავლებლები მიმდინარე სასწავლო წელმა ბევრ სიახლესთან და უჩვეულობასთან შეახვედრა. სასკოლო გაკვეთილებმა ონლაინში გადაინაცვლეს, „ბოლო ზარები“ „თიმსში“ დაირეკა, პირველკლასელებმა „ანბანის გაცილების“ ღონისძიება დისტანციურად გამართეს. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე სრულდება, სასწავლო წლის დასაწყისში რომ ვერავინ იფიქრებდა. თუმცა მასწავლებლებმა გამოწვევას თავი გაართვეს და აკადემიური წელი ავიცილეთ. სასწავლო წლის მიწურულს კი ახალი კითხვა გაჩნდა. როდის მთავრდება მასწავლებლებისთვის სამუშაო დრო?

ტრადიციულად, ყოველ ზაფხულს მასწავლებლების სამუშაო დრო სასწავლო წლის ბოლოს არ სრულდებოდა და პედაგოგები სამსახურში 5 ივლისამდე დადიოდნენ. ამ პერიოდში მასწავლებლები ჟურნალების წარმოებაში იყვნენ ჩართულნი და მოსწავლეების საბოლოო ნიშნებს წერდნენ, რაც საკმაოდ შრომატევადია და დროს მოითხოვს.

გარდა ამისა, მასწავლებლები მუშაობას არ იწყებენ 15 სექტემბერს - ახალი სასწავლო წლის დაწყებისას. მათ გაცილებით ადრე უწევთ სკოლაში სიარული. სკოლის დირექცია და პედაგოგები 25 აგვისტოდან გადიან სამსახურში. ამ პერიოდში ხდება მასწავლებლებს შორის საათების განაწილება და კალენდარული გეგმების შეჯამება.

მოუწევთ თუ არა მასწავლებლებს წელს, ეპიდემიის პირობებში სკოლაში გასვლა და ზაფხულში მუშაობა?

როგორც თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგები გვეუბნებიან, ისინი სკოლაში დისტანციური სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ უნდა გავიდნენ და ჩვეულებისამებრ იმუშაონ, თუმცა ამჯერად პირბადეებით.

სკოლის დირექტორები ითვალისწინებენ რეკომენდაციებს და მასწავლებლებს სთხოვენ, რომ სკოლაში ერთდროულად 10-ზე მეტი პედაგოგი არ იმყოფებოდეს, რა თქმა უნდა, პირბადით და დისტანციის დაცვით. ზოგიერთ სკოლაში უკვე შეთანხმდნენ, რომ დირექტორი 2-3 მასწავლებელს დაიბარებს ერთდროულად. 

გამოდის, რომ პედაგებს შვებულება წელსაც ჩვეულებისამებრ, 5 ივლისიდან 25 აგვისტომდე ექნებათ. 

როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში გავრცელებულმა ეპიდემიამ მასწავლებლებისთვის მხოლოდ სასწავლო პროცესი შეცვალა. მათ სკოლაში სიარული ზაფხულში მაინც მოუწევთ, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინების შესაბამისად. სკოლის დირექტორები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ თავად მიიღეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ჯერჯერობით არანაირი მითითება არ მიუღიათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203