ვანის N2 სკოლის მოსწავლე საბა ჩახუნაშვილი ანაკლიის მომავლის ბანაკიდან საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა
06-09-2017
ვანის N2 სკოლის მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლე საბა ჩახუნაშვილი მომავლის ბანაკში 6 დღე იმყოფებოდა.

ბანაკში განხორციელებული აქტივობები და მიღებული შთაბეჭდილებები საბამ Etalon.ge -ს გაუზიარა.


- საბა, როგორ მოხვდით ანაკლიის საზაფხულო ბანაკში?


- ბანაკის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოსწავლე წარჩინებული ყოფილიყო. რადგან წარჩინებული მოსწავლე ვარ, ვანის N2 სკოლიდან მე ამირჩიეს.

- თუ შეიძლება, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, რა აქტივობები განახორციელეთ ბანაკში?

- ანაკლიის მომავლის ბანაკი ძალიან შთამბეჭდავი იყო, შემიძლია ვთქვა, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეები სხვადასხვა გუნდში გადაგვანაწილეს და მაისურები დაგვირიგეს. სულ 6 დღე ვიყავით ბანაკში და ამ 6 დღის განმავლობაში ყოველი წუთი, ყოველი წამი დაუვიწყარი იყო. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ 1 საათი გვქონდა დასვენება, დანარჩენ დროს კი სულ რაღაცით ვიყავით დაკავებულები. თითოეული დღე დაგეგმილი გვქონდა. ერთი სიტყვით, ბანაკი ძალიან მაგარი იყო.   



- საბა, როგორც ვიცით, ვანის N2 სკოლაში არსებულ ინგლისურენოვან ბანაკში საუკეთესო გუნდის ჩამოყალიბებასა და აქტივობების განხორციელებას ამერიკელ ტრენერთან ერთად გეგმავთ.

- ჩვენს სკოლაში ჩამოსულია ამერიკელი ტრენერი,(მშვიდობის კორპუსის მონაწილე) რომელიც ორი წელი იქნება ჩვენთან ერთად. ბანაკში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ახლა უკვე ჩემს სკოლაში არსებულ ინგლისურენოვანი ბანაკის მონაწილეებს გავუზიარებ. ვთვლი, რომ იქ მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება. მომავლის ბანაკში მოსწავლეები ვეჩვეოდით, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მუშაობას. ლიდერები მხოლოდ მიმართულებას გვაძლევდნენ, ხოლო სხვადასხვა სიტუაციიდან გამოსავალს მოსწავლეები ჩვენ თვითონ ვეძებდით. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლე მხოლოდ საკუთარ თავზე ყოფილიყო დამოკიდებული და გადაწყვეტილებები თავად მიეღო. ეს გამოცდილება კი ცხოვრებაში ძალიან გამოგვადგება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203