განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აღნიშნავს, რომ უწყების მიერ გამოვლენილია ყველა სკოლა, რომელსაც საპირფარეშო და წყლის მომარაგება სჭირდება.
პარლამეტში გამოსვლისას ეკატერინე დგებუაძემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
„ჰიგიენა-სანიტარია დღეს ჩვენთვის არის პრიორიტეტი. უკვე იდენტიფიცირებულია ყველა სკოლა, სადაც სჭირდებათ საპირფარეშოები, სადაც არის საჭირო ასევე წყლით მომარაგება და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს რეაბილიტაციის პროექტები. დიდი იმედი გვაქვს მოვასწრებთ და ახალ სასწავლო წელს შევხვდებით განახლებული ინფრასტრუქტურული პროექტებით“, - განაცხადა ეა დგებუაძემ.
ცნობისთვის, 2019 წლის სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშის მიხედვით, საჯარო სკოლების შემოწმება საქართველოს 6 რეგიონში (აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი) ჩატარდა.108 საჯარო სკოლა შემოწმდა და გამოიკვეთა, რომ სკოლების დიდ ნაწილში სასმელი და სამეურნეო წყალი ნაკლებად ხელმისაწვდომია.
ანგარიშის მიხედვით 16 სკოლას სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება. მოუწესრიგებელია საპირფარეშოები და მათი უმეტესობა ეზოშია განთავსებული. საპირფარეშოს ჯიხურებში ხელსაწმენდი საპონი 108 სკოლიდან მხოლოდ 48-შია, ხელსაწმენდი - 29-ში, წყალჩამრეცხი სისტემა კი 29-ში მუშაობს.
სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, დროულად არ გააქვთ ნარჩენები, საპირფარეშოს ჯიხურებს არ ასუფთავებენ და რეცხავენ, მოძველებულია ტუალეტების ინფრასტრუქტურა, რიგ სკოლებში საპირფარეშოს ჯიხურებს არ აქვს კარ-ფანჯარა, ავარიულია და არის ჩამოშლის საფრთხე. მსგავსი პრობლემების გამო, სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები თავს არიდებენ სკოლის საპირფარეშოებით სარგებლობას.