ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავეა ქართულ სკოლებში - ომბუდსმენი განათლების მინისტრს მიმართავს
25-07-2020

„COVID 19-ის პანდემიის პირობებში, სოციალური დისტანციის უზრუნველსაყოფად შემოღებულმა შეზღუდვებმა, ინტერნეტ სივრციდან მომდინარე რისკები და მათთან მიმართებით ბავშვთა ზოგადი დაუცველობა მნიშვნელოვნად გაზარდა“, - აცხადებს სახლხო დამცველი და აღნიშნული საფრთხეების პრევენციის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

ომბუდსმენი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს სარეკომენდაციო წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ აუცილებლია, ისეთი საფრთხეების პრევენცია  როგორიცაა კიბერბულინგი, სიძულვილის ენა, სექსისტური ენა, ბავშვთა პორნოგრაფია და სხვა.

„სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ინტეგრირების ხარისხი და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მისი სწავლების მნიშვნელობა პროექტ „ტელესკოლის“ მეშვეობით. საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ინტეგრირების დონე არ შეესაბამება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილ თანამედროვე სტანდარტებს. სახელმწიფოთა მიმართ ბავშვთა უფლებების კომიტეტისა და ევროპის საბჭოს მიერ გამოცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლება არ არის სრულფასოვნად ინტეგრირებული ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე”, - აცხადებს სახალხო დამცველი.

აღსანიშნავია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ერთ-ერთ საგნობრივ ჯგუფად ტექნოლოგიებს გამოყოფს, რომელშიც ერთადერთი სავალდებულო დისციპლინა „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ ერთიანდება.

„მიუხედავად ამ საგნის არსებობისა, ბავშვის უფლებათა კომიტეტისა და ევროპის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საპირისპიროდ, იგი მხოლოდ V-VIII კლასებში ისწავლება. ამდენად, იგი მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს დაწყებით და საბაზო საფეხურებს. დაწყებითი საფეხურზე ამ საგნის სწავლის შედეგებში ციფრული მოქალაქეობის კომპონენტი პრაქტიკულად არ არის ინტეგრირებული. საბაზო საფეხურზე ამ დისციპლინის სწავლის შედეგების ერთ-ერთი მიმართულება კი სწორედ ციფრული მოქალაქეობაა.

ტექნოლოგიების მიმართულებით მასწავლებელთა კვალიფიკაციასთან მიმართებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის განმარტებითი ბარათის თანახმად ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავეა ქართულ სკოლებში.

სახალხო დამცველის შეფასებით, კანონპროექტი კარგ შესაძლებლობას იძლევა სკოლებში ტექნოლოგიებისა და შესაბამისად, ციფრული მოქალაქეობის სწავლების გაძლიერების კუთხით. სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს არაერთ რეგიონში ჩატარებული შეხვედრებისას, პედაგოგები ხაზს უსვამენ ადამიანის უფლებებში პროფესიული განვითარების ტრენინგების აუცილებლობასა და საჭიროებას, მათ შორის ისეთ კომპონენტებთან მიმართებით, რომელსაც მოიცავს ციფრული მოქალაქეობა“, - ნათქვამია მინისტრისადმი მიწერილ წერილში.

აღნიშნული საჭიროებებიდან გამომდინარე სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მასწავლებელთა შემდგომი, სისტემური ტრენინგი, რათა ტექნოლოგიების სწავლებამ განათლების სისტემაში მარტოოდენ ტექნიკური კომპეტენციების შეძენის სახე არ მიიღოს და მასში ეფექტიანად იყოს ინტეგრირებული ციფრული მოქალაქეობის საკითხები.

რეკომენდაციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  • უზრუნველყავით ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე სავალდებულო საგნის მეშვეობით იმგვარად, რომ სრულფასოვნად დაინტეგრირდეს ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • უზრუნველყავით მოსწავლეთა მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლებისათვის ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლებაში ტრენინგ პროგრამების შემუშავება/ჩატარება, ამასთან მათი განთავსება „ტელესკოლის“ პლატფორმაზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203