დისტანციურმა სასწავლო პროცესმა მასწავლებლების ცხრილი, სამუშაო დრო და გაკვეთილების ხანგრძლივობა რადიკალურად შეცვალა. ამ ეტაპზე სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, სექტემბერში სკოლები ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან და გაკვეთილებიც ვირტუალური ჯგუფებიდან საკლასო ოთახში გადაინაცვლებს. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ეპიდსიტუაციის გართულების შეთხვევაში, პედაგოგებმა შეიძლება კვლავ დისტანციურად განაგრძონ გაკვეთილების ჩატარება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ სკოლებში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებს საგნების ნაწილი დისტანციურად ჩაუტარდეს, ნაწილი კი - საკლასო ოთახში. ამ რეკომენდაციას გარკვეულწილად ემხრობიან ქართველი ინფექციონისტებიც.
etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად რეალურია ცხრილის ასე დალაგება, რომ მოსწავლეებს სკოლაშიც უტარდებოდეთ გაკვეთილები და სახლშიც? რის მიხედვით შეიძლება დაჯგუფდეს დისტანციურად ჩასატარებელი საგნების სია? რამდენად ხელსაყრელია პედაგოგებისთვის საგაკვეთილო ბადის ასე შედგენა? - ამ კითხვებზე პასუხის გასარკვევად სკოლის დირექტორებს დავუკავშირდით:
იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის უდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან გზირიშვილი:
„სიახლეები ძალიან კარგია. დისტანციურად სწავლება მაშინ იქნება კარგი, თუ მოწესრიგდება ინტერნეტის პრობლემა და ყველა ოჯახში იქნება კომპიუტერი. დიდი პრობლემის წინაშე დავდექით, როდესაც ოჯახში ორი და სამი ბავშვი იყო, ხოლო კომპიუტერი კარგ შემთხვევაში საერთო ჰქონდეთ, ზოგჯერ კი საერთოდ არ გააჩნდათ. ცხრილი ამ ბავშვების მიხედვით უნდა გვქონოდა მორგებული, რომ სხვადასხვა კლასის გაკვეთილები ერთმანეთს არ დამთხვეოდა. ამავე დროს არის ხარვეზები, რომლებიც მაღალმთიანი რაიონებისთვის არის დამახასიათებელი და თუნდაც ეს რესურსები იყოს, ხელმისაწვდომობა მაინც ნაკლებია. თუმცა, ჩვენ პირადად ჩავარდნები არ გვქონია - მასწავლებლები ყველანაირად ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ მოსწავლეებს თუნდაც სამინისტროს მიერ შეთავაზებული პლატფორმებით, „მესინჯერით“ ან თუნდაც სატელეფონო ზარებით. მაგრამ სატელეფონო ზარები ყოველთვის ვერ იქნება ეფექტური. მაგალითად, მათემატიკის ჩატარება ძალიან რთული იქნება მუდმივად ტელეფონით. მარტივი საგანი არ არსებობს, ყველას თავისი სირთულე ახასიათებს, მაგრამ როდესაც მათემატიკას ხსნი, არის რიგი საკითხები, რომლებსაც მასწავლებლის გარეშე ბავშვი ვერ გაიგებს. თუნდაც ტრიგონომეტრიული ფუნქციები, გჭირდება სიმბოლოების აღნიშვნა, თუ დაფის საშუალებით ბავშვმა არ დაინახა და არ აღიქვა, ცოტა მაინც გაუჭირდება, თუნდაც ფორმულები. ჰუმანიტარული საგნები უფრო შეიძლება რომ რამენაირად ხელმისაწვდომი იყოს დისტანციურად, ვიდრე ტექნიკური საგნები, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია“.
მესტიის მუნიციპალიტეტის იელის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ხვიბლიანი:
„ჩემი სკოლიდან გამომდინარე გეტყვით, რომ აქ ვერ მოვახერხებთ დისტანციურ სწავლებას. იმიტომ რომ რთულია, ინტერნეტის უქონლობა, სუსტი ინტერნეტი, ამ პერიოდშიც გაკვეთილებს სულ სხვანაირად ვატარებდით. ჯერ ტელეფონით ვუკავშირდებოდით მოსწავლეებს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ რადგან რაიონში ვირუსი არ დაფიქსირდა, მითუმეტეს რომ სოფელი ჩაკეტილი იყო, არსად გავდიოდით და არავინ შემოდიოდა, ყველა პედაგოგს გვაქვს ეზოები და ღია აივნები და როდესაც კარგი ამინდი იყო ეზოებში ვატარებდით გაკვეთილებს, თუ ცუდი - აივანზე ვუტარებდით. სამზე მეტი არ გამოვდივართ, ღია სივრცეში ვიყავით მასწავლებელი და ორი მოსწავლე. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ შემდეგ დისტანციურად უპრობლემოდ ჩატარდება გაკვეთილები ინტერნეტის პრობლემის გამო. ტექნიკური საშუალებების პრობლემაც იყო. აქედან გამომდინარე წინასწარ ვერ განვსაზღვრავ, რა როგორ იქნება“.
რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქვიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მშვიდობაძე:
„ამაზე კომენტარი რთულია. შეიძლება დისტანციურადაც იყოს სწავლება და სკოლაშიც, რატომ არ შეიძლება? ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომელი საგანი შეიძლება ისწავლებოდეს დისტანციურად და რომელი სკოლის კედლებში, შეიძლება პედაგოგებთან გასაუბრების შემდეგ უფრო კონკრეტულად მქონდეს ამაზე პასუხი“.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჟოშხის საჯარო სკოლის დირექტორი გაიოზ ჯინჭარაძე:
„ალბათ, ძირითად საგნებს სკოლაში ჩავატარებდი. ძირითადში ვგულისხმობ ჰუმანიტარულ საგნებსაც და ტექნიკურსაც. ჩვენთან რთულია დისტანციური სწავლება, ინტერნეტი არ არის გამართული და შეფერხებებია. უკეთესია სკოლის კედლებში ჩატარდეს გაკვეთილები, თუ რაიმე ისეთი არ იქნება, კი ახლა ვატარებ გაკვეთილებს, მაგრამ არ გამოდის სრულყოფილი გაკვეთილი, იმიტომ რომ ითიშება ინტერნეტი, ხან კადრი ითიშება, ხან ხმა, ხან ორივე ერთად“.
ხონის მუნიციპალიტეტის ახალბედისეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ თოშხუა:
„ვისურვებდი, რომ სკოლის კედლებში ვისწავლოთ. მითუმეტეს, ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და შეგვიძლია დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია. იმედი მაქვს არ დაგვჭირდება დისტანციური სწავლება და სწავლას ჩვეულებრივად შენობაში გავაგრძელებთ. როდესაც 3-4 მოსწავლე გყავს, ამ შემთხვევაში პრობლემა არაა. მითუმეტეს დიდი ფართები გვაქვს. ას მოსწავლეზეა გათვლილი და 24 მოსწავლე გვყავდა გასული წლის რაოდენობით. დისტანციური სწავლება ჩვენთან თავიდან პრობლემა იყო, ტელეფონის არდაჭერის გამო, მაგრამ მშობელთა მობილიზებით მოვახერხეთ ყველაფრის მოგვარება. მეტი გამოსავალი არ იყო, შეიძინეს ინტერნეტი, ანტენები, რომ ტელესკოლისთვის ეყურებინათ ბავშვებს, ტელეფონითაც ვუკავშირდებოდით, კომბინირებულად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი და ასე გამოგვივიდა“.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქვემო ენთელის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ყიფშიძე:
„არ მიფიქრია ამაზე. ამ საკითხს დაფიქრება სჭირდება. ამ ეტაპზე ყველა საგანს სწავლობდნენ დისტანციურად, მოსწავლეები ჩართულები იყვნენ, პრობლემა იყო ის, რომ ყველა ვერ ახერხებდა „თიმსში“ მუშაობას, გარდა ამისა იყო რამდენიმე მოსწავლე, რომლებსაც ტექნიკური მოწყობილობა არ ჰქონდათ. არამარტო მოსწავლე, მასწავლებელსაც ჰქონდა ასეთი პრობლემა. ძირითადად, ტელეფონებით მუშაობდნენ, ტელეფონი მაინცდამაინც მოსახერხებელი არ აღმოჩნდა ამ ყველაფრისთვის. ძალიან არ მინდა, რომ ასეთი სწავლების საჭიროება იყოს კვლავ საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, კლასში მეცადინეობის და სწავლების მომხრე ვარ. ეს ახლა საგანგებო სიტუაციამ განაპირობა“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკინდორის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბიწაძე:
„ყველა გაკვეთილი უნდა იყოს ძირითად ბადეშიც და ონლაინშიც, სხვანაირად ვფიქრობ არ გამოვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლის და მასწავლებლის პირად ურთიერთობას. ამ პერიოდშიც მზად ვიყავით ჩვენ პირადად - ონლაინრეჟიმის ცხრილი გვქონდა და ისედაც მზად ვიყავი, რომ 22 მაისს როგორ გამეგრძელებინა სკოლაში სწავლა, თუ ეს მოხდებოდა. ყველა საგანს მოვარგებ ბადეში, შეიძლება შევამცირო საათების რაოდენობა იმის მიხედვით, როგორ გადაწყვეტს თავად მასწავლებელი. ჩვენთან სოფელია და ასე სწავლება ჭირს, რამდენიმე კომპიუტერი სკოლიდან ვათხოვე მოსწავლეებს იმისთვის რომ ყველა ყოფილიყო ჩაბმული. ორი დღეც რომ ვიაროთ სკოლაში უფრო შედეგიანი ინება, დისტანციური სწავლების პარალელურად. ახლა ონლაინ ვმუშაობთ, თუმცა მზად ვართ და თუ დაემატება საშუალება, რომ სკოლაშიც ჩატარდეს გაკვეთილები ამას არაფერი ჯობია. პირად ურთიერთობას ვერაფერი შეცვლის, იმიტომ რომ გადამწყვეტია მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა. ჩვენ მასწავლებლობის ხელოვნება გვაქვს და ხელებით და ფეხებითაც კი რომ ვხსნით გაკვეთილს, ასეთი ახსნა სხვა დონეზე გადადის. ონლაინ ცოტა გვიჭირს, შეუჩვევლები რომ ვართ ამის ბრალიცაა, თუმცა ამასაც გამოვასწორებთ ნელ-ნელა“.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი ილარიონ ლაბაძე:
„არჩევანის საშუალება თუ მექნება, გაკვეთილების სკოლაში ჩატარებას დავუჭერ მხარს. დისტანციური სწავლება გაჭირვებისაა. მაგალითად, მათემატიკა გამორიცხულია ისწავლებოდეს დისტანციურად, ისეთი საგანია, რომ დაფასთანაა პრაქტიკული სამუშაო და დისტანციური სწავლების დროს ამის საშუალება არ გეძლევა. ყველაზე კარგია სასკოლო პროცესი და საკლასო ოთახებში ტარდებოდეს გაკვეთილები, თუმცა სხვა გამოსავალი როცა არ არის უნდა დავეთანხმოთ, სულ არარაობას ჯობია ჩატარდეს დისტანციურად“.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის ტანძიის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ბერიანი:
„ამ საკითხს დაფიქრება სჭირდება. საფრთხეების გამო მისაღებია დისტანციური სწავლება და მომზადებული უნდა იყოს ყველა. ორნაირი ცხრილი რომ იყოს, ეს ხელს არაფერს შეუშლის. საგნებს ვერ დავყოფთ ხარისხების მიხედვით, რომ ე.წ. ძირითადი საგნები ჩავატაროთ სკოლაში, ასე არ გამოვა. შეიძლება სწორედ ის საგანი ვერ ასწავლო დისტანციურად, რომელსაც ფიქრობ, რომ გაგიმარტივდება. ჯობს სკოლაში და კლასში ტარდებოდეს ყველაფერი, თუმცა გამომდინარე სიტუაციიდან, ვნახოთ. თავიდან გაგვიჭირდა დისტანციური სწავლება, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ალღო ავუღეთ და კმაყოფილები ვართ. მშობლებიც კმაყოფილები არიან და მოსწავლეებიც, შეფასებაც ისე მოხდა - უკმაყოფილო არავინაა. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, სულ 77 მოსწავლეა და ჩვენთვის არ იყო ძალიან დიდი სირთულე, 90% მაქსიმალურად აქტიურად იყო ჩართული“.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორლოვკის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ბაღიშვილი:
„არ ვეთანხმები, რომ დისტანციურად ჩატარდეს რომელიმე საგანი. არ მგონია რომელიმე საგნის დისტანციურ სწავლებას აზრი ჰქონდეს, ბავშვებს დავდევთ, რას არ ვეუბნებით, რომ შემოვიდნენ და დაესწრონ ონლაინგაკვეთილს. აქ, რეგიონში ინტერნეტი არ აქვთ და ნაყიდი მეგაბაიტებით ნამდვილად ვერ დავსვამთ „თიმსში“ და ვერ ვაიძულებთ. არც კომპიუტერი აქვს უმეტესობას და ფაქტობრივად, მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში დისტანციური სწავლების მხრივ. მე ბიოლოგიას ვასწავლი და ფაქტობრივად, ომის ხარჯზე ვსვამ ბავშვებს გაკვეთილზე, რომ რამით დავაინტერესო. როდესაც პარალელურად კითხვას ასწავლი ეთნიკური უმცირესობის ბავშვებს, დისტანციურად გაკვეთილის ჩატარება შეუძლებელი ხდება. ასეთ სწავლებაში კარგი მხოლოდ ისაა, რომ მშობლებმა დაინახეს, მასწავლებელი იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე ჩანდა. ახლა ყველას ოცნებაა, რომ სკოლაში დაბრუნდეს ბავშვი და ეს მომწონს ყველაზე მეტად. ღმერთმა ქნას, დასრულდეს ეს ყველაფერი და დავბრუნდეთ სკოლაში“.