თიანეთის შეჯამება - „დისტანციური ფორმატი უკვე არსებობდა izrune.ge-ს ფარგლებში, რამაც სახელმწიფოს გაუადვილა ბავშვების გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე“
09-06-2020
განათლება ჩვენი ქვეყნის მთავრობისთვის პრიორიტეტია - ეს მესიჯი არაერთხელ გაჟღერდა და მისასალმებელია, როდესაც აქცენტები სწორად კეთდება; თუმცა თუ ეს საქმით არ გამყარდა, მხოლოდ ლიტონი სიტყვები, არაფრისმომცემია. თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა კი სწორედ საქმით დაამტკიცა, რომ მისთვის, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისთვის, განათლება მართლაც პრიორიტეტულია და მომავალ თაობებზე ზრუნვა, მათი ჩართვა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში, მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
სწორედ მაშინ, როდესაც izrune.ge-მ თიანეთის მუნიციპალიტეტი მოიცვა, ბატონმა თამაზმა გადაწყვიტა, პროექტის ავტორებთან ერთად, ადგილობრივ მოსწავლეებზე მზრუნველი კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა და ოთხი თვის განმავლობაში მათ პროექტში უფასოდ ჩართვის საშუალება მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტით დაინტერესება მანამდეც დიდი იყო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ამ გადაწყვეტილებამ უფრო გაზარდა ოჯახების ინტერესი izrune.ge-ს მიმართ. მოსწავლეებს მეტი მოტივაცია მიეცათ, უკეთ ესწავლათ, საკუთარი ცოდნა შეემოწმებინათ და საჭირო უნარ-ჩვევები გამოემუშავებინათ... თიანეთის მერს, თამაზ მეჭიაურს კი საკუთარი წარმატებებით, კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ მზრუნველმა მერმა, მზრუნველ პროექტში მათი ჩართვით, აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგა.

სასწავლო წლის დასასრული კარსაა მომდგარი და ალბათ, დროა შევაჯამოთ განვლილი წელი, ამჯერად თიანეთის სკოლების დირექტორებთან  ერთად, მანამდე კი ბატონი თამაზ მეჭიაურის კომენტარს გთავაზობთ, რომელიც ჩვეული სიდინჯით, ლაკონურად და არგუმენტირებულად ხსნის izrune.ge-ს მნიშვნელობას მომავალი თაობების განათლების საპასუხისმგებლო საქმეში. 



თამაზ მეჭიაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი:

 - მიუხედავად იმისა რომ მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტი ვართ, მიგვაჩნია - ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია არის განათლებაში ჩადებული ინვესტიცია და შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს ბავშვებს, რათა ჰქონდეთ მოტივაცია, გახდნენ უფრო წარმატებულები.

Izrune.ge-ში ჩართულობამ მოსწავლეებს ბევრი რამ გაუადვილა ამ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში - მხედველობაში მაქვს პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები, როცა დისტანციურ სწავლებაზე მოუწიათ გადასვლა; ფაქტობრივად, ბავშვები შემზადებულებიც  კი იყვნენ ამისთვის.

რა თქმა უნდა, კარგია არაფორმალური განათლების ასეთი პროექტები, რომელიც სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული განათლების მიღებაში ეხმარება და ვიმეორებ - სწავლების დისტანციური ფორმატი უკვე არსებობდა izrune.ge-ს ფარგლებში, რამაც სახელმწიფოს გაუადვილა ბავშვების გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, რის საშუალებასაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოგვცემს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ადგილობრივი მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები საგანმანათლებლო პროექტებში.

ნათელა კოჭლამაზაშვილი, მირზა გელოვანის სახელობის, დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ფაქტია - izrune.ge ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, მოხდა მათი ცოდნის მობილიზება, ისწავლეს დამოუკიდებლად მუშაობა, მშობლებიც ჩართულები არიან და თავისთავად, ეს ყველაფერი, სამომავლოდ, სასიკეთოდ წაადგებათ მოსწავლეებსაც და ჩვენს ქვეყანასაც. განსაკუთრებით მოიმატა დაინტერესებამ მას შემდეგ, რაც ჩვენს ბავშვებს პროექტში უფასოდ ჩართვის საშუალება მიეცათ. მოსწავლეები დიდი სიხარულით აზიარებენ საკუთარ მიღწევებს სოციალურ ქსელებში მშობლებიც კმაყოფილები არიან და უფასო ხელმისაწვდომობამ მეტად გაზარდა ჩართულობაც და ინტერესიც.

ზინა კენკიშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის, ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- izrune.ge-სთან ჩვენი თანამშრომლობა მეორე წელია გრძელდება და ვფიქრობ, ეს არის ისეთი პროექტი, რომელშიც ყველა მოსწავლე უნდა იყოს ჩართული. ზოგადად, არაფორმალური განათლება ბავშვებისთვის უფრო საინტერესოა - ეს ახალი ფორმატია, საკუთარი თავის გამოცდა... ძალიან დაგვეხმარა izrune.ge პანდემიის დროს - მოგეხსნებათ, სოფლებში ცოტა ჭირს ინტერნეტი, ბევრია სოციალურად დაუცველი ოჯახი, არიან ბავშვები ვისაც ტექნოლოგიებთან ხელი არ მიუწვდება, მაგრამ ამის მიუხედავად, არსებულ სიტუაციაში izrune.ge იყო გამოსავალი. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ დაწყებითი კლასები აქტიურობენ და რადგან ასეთი ტენდენცია წამოვიდა, დარწმუნებული ვარ, ჩართულობა მოიმატებს და უკეთეს შედეგებზეც გავალთ. მისასალმებელია ისიც, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის პროექტი უფასოდაა ხელმისაწვდომი  და ეს ჩვენი მერის დამსახურებაა.

ზვიად გიანაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

 - არაფორმალური განათლება ყოველთვის საჭიროა და აუცილებელი მოსწავლისთვის, უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის. დამატებითი სწავლება მოზარდისთვის საჭიროა,  მით უმეტეს, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც მოსწავლეებს, გასაგები მიზეზების გამო, არ უხერხდებათ სკოლაში სიარული და ამიტომ, ჩვენ ყველა რესურსი, მათ შორის, izrune.ge უნდა გამოვიყენოთ, რათა მივცეთ სრულფასოვანი განათლება.

ჩვენ თანამშრომლობას izrune.ge-სთან მხოლოდ დადებითად შევაფასებდი - ჩართულობაც საკმაოდ მაღალია, მშობლებიც, კლასის დამრიგებლებიც აქტიურები არიან, მუნიციპალიტეტი, პროექტის ხელმძღვანელობა - ყველა ერთად, სისტემურად, კოორდინირებულად მუშაობს და ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ეფექტს იძლევა.

ლელა ზატუაშვილი, დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- როგორც კი izrune.ge და მისი იდეა გაგვაცნო ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა, მაშინვე გადავწყვიტეთ ჩართვა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ თავიდან ცოტა გაგვიჭირდა ბავშვებისა და მშობლების დარწმუნება იმაში, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო მათი ცოდნის ამაღლებისთვის; მერე, როდესაც მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მიიღეს დიპლომები, დაინტერესება მეტად გაიზარდა.  ბატონი გოჩას ინიციატივითა და მონდომებით, პროექტი უფრო და უფრო პოპულარული გახდა, რასაც ხელი პროექტის ხელმისაწვდომობამ შეუწყო. ვიმედოვნებ, სამომავლოდ დაინტერესება უფრო გაიზრდება და ბავშვებიც მეტი ენთუზიაზმით ჩაერთვებიან ამ პროექტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203