პედაგოგს ერთ ტელეგაკვეთილში 125 ლარს უხდიან - განათლების სამინისტრო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას  ითხოვს
10-06-2020

„ტელესკოლის“ პროექტის განხორციელებისთვის 404.2 ათასი ლარი გამოიყო, პროექტში ჩართული მასწავლებლების ანაზღაურება თითო გაკვეთილში 125 ლარს შეადგენს - აღნიშნულ რიცხვებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტში ვკითხულობთ. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ითხოვს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კანონით იკრძალება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. უწყების მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული კანონპროექტით შესაძლებელი გახდება მაუწყებლისა და ადმინისტრაციული ორგანოს, ამ შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა.

განათლების სამინისტრო აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მოახდენს. 

„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა“ ფარგლებში (პროგრამული კოდი 32 02 14) ხორციელდება ქვეპროგრამა „ტელესკოლა“, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 404.2 ათას ლარს (აღნიშნული პროგრამის მიხედვით, ქვეპროგრამის განხორციელების ვადებია 2020 წლის 30 მარტი - 30 ივნისი, შესაბამისად დაახლოებით გულისხმობს 3 თვეს). საიდანაც მასწავლებლების ხელფასებისთვის გათვალისწინებულია 254,155 ლარი, ხოლო ტელეგაკვეთილების და საინფორმაციო ტიხრების გადაღებისთვის 150,000 ლარი. მიმდინარე პერიოდში სამთვიანი ხელშეკრულებებით დასაქმებული იყო 65 პირი (კოორდინატორი, ფსიქოლოგი, ჯგუფის ხელმძღვანელი, სურდოპედაგოგი, ექსპერტები). ასევე 53 მასწავლებელი 440 გაკვეთილის ჩასატარებლად. საგულისხმოა, რომ ტელეწამყვანის (მასწავლებლის), არაქართულენოვანი (სომხური და აზერბაიჯანული)სკოლების ტელეწამყვანი მასწავლებლისა, რუსულენოვანი ტელეწამყვანისა და ცეკვის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვრება ჩატარებული ერთეული სატელევიზიო გაკვეთილის შესაბამისად. სატელევიზიო გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს სულ მცირე 15 წუთს, ხოლო ანაზღაურება 125 ლარს.

ზემოხსენებული პროგრამისთვის საშუალოვადიან 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი იქნება 3.8 მლნ. ლარი. 2020 წლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან საჭიროა დაახლოებით 800.0 ათასი ლარი (სემესტრულად განხილვის შემთხვევაში) მიმდინარე წლის არსებულ და დარჩენილ პერიოდზე“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203