განათლების მინისტრის მოადგილის გაფრთხილება აბიტურიენტებს - ნუნუ მიცკევიჩი საგამოცდო რეკომენდაციებზე განმარტებას აკეთებს
11-06-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი იმ რეკომენდაციებს განმარტავს, რომლის დაცვაც საგამოცდო პროცესის ყველა მონაწილისთვის აუცილებელია.

„ეროვნული გამოცდებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გაწერილია გამოცდებში მონაწილე ყველა აბიტურიენტისთვის, სტუდენტისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ გამოცდებში. ჩვენი საზრუნავი, უპირველეს ყოვლისა მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რათა  თითოეული მათგანი დავიცვათ.

შესაბამისად, რეკომენდაციები დაცული უნდა იყოს ყოველმხრივ. ნიღაბი, რომელიც აბიტურიენტებს უნდა ეკეთოთ, შესაძლებლობა აქვთ მათთვის კომფორტული თავად შეარჩიონ, ამ მხრივ ისინი შეზღუდულები არ არიან. თუმცა, საგამოცდო სივრცეებში მათ ნიღბები აუცილებლად დახვდებათ.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი რეკომენდაციებს არ დაემორჩილება, პირველ ეტაპზე ის მიიღებს გაფრთხილებას, რადგან ნიღბის მოხსნის შემთხვევაში, რისკები გაიზრდება. 

რაც შეეხება ჯანმრთელობის პრობლემის მქონე აბიტურიენტებს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უკვე განაცხადა, თუ აბიტურიენტის მიერ წარმოდგენილი იქნება დადასტურებული ცნობა, რომ მისთვის რაიმე განსაკუთრებული პირობებია საჭირო, ეს არგუმენტი ყოველმხრივ გათვალისწინებული იქნება. ასეთი აბიტურიენტებისთვის გვექნება ცალკე სივრცე. ჩვენ  თითოეულ საგამოცდო ცენტრში გვეყოლება გადამზადებული მედპერსონალი, რომელთაც დამატებითი ტრენინგები ექნებათ გავლილი კოვიდინფექციასთან მიმართებაში. გვექნება ასევე ცალკე სივრცე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, სხვადასხვა  დიფერენცირება გვაქვს. ზღვარი დაყოფილია 37,5 გრადუსამდე და 37, 5 გრადუსის ზევით.  ამით გათვალისწინებულია აბიტურიენტის სტრესული სიცხე.  თუმცა,  37, 5 გრადუსის ზევით სიცხის შემთხვევაში, აბიტურიენტმა უნდა დაადასტუროს, რომ ეს არ არის კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებული სიცხე. ამისთვის აუცილებელია წინასწარი PSR ტესტირება, რომელიც ძალიან მაღალი სიზუსტისაა და ეს ტესტირება იქნება უფასოდ ჩატარებული.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვადასხვა შემთხვევებზე სხვადასხვა პროტოკოლით ვმოქმედებთ.  სიმპტომური აბიტურიენტისთვის სხვა სივრცე გვაქვს, ასიმპტომურისთვის სხვა “- აცხადებს ნუნუ მიცკევიჩი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203