მასწავლებლების ნაწილს ზაფხულში ხელფასი არ ექნება
12-06-2020

სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა. სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლამ მასწავლებლებს ახალი  თავსატეხი გაუჩინა. იყო გაურკვევლობა, გაუგებრობა, ონლაინ რეჟიმს მორგებული ცხრილების შედგენა, გაკვეთილების ჩატარება დილას, შუადღესა და საღამოს, ყველა მოსწავლის დავალების შემოწმება, ინტერნეტის ხარვეზის დროს კი სატელეფონო ზარი მოსწავლეებთან და გაკვეთილების ასე ახსნა.

ერთი სიტყვით, 2019-2020 სასწავლო წელმა პედაგოგებს საათობრივად დაგეგმილი ცხოვრება თავდაყირა დაუყენა. მასწავლებლები ეპიდემიისგან გამოწვეულმა ქაოსმა გადაღალა, კრიზისის წარმატებით დაზლევის სემდეგ კი მათ დასვენება ნამდვილად დაიმსახურეს და კუთვნილი შვებულება 5 ივლისიდან ექნებათ. რასაც ყველა პედაგოგი მოუთმენლად ელოდება. გარდა დასვენებისა, მასწავლებლები ელიან ზაფხულის ხელფასს - ორი თვის - ივლისისა და აგვისტოს ჯამურ ანაზღაურებას.

etaloni.ge დაინტერესდა, ექნება თუ არა ყველა პედაგოგს ზაფხულის ხელფასი, მიუხედავად მათი სტატუსისა, მათ შორის, მაძიებელ და გახანგრძლივებულის მასწავლებლებს? 

როგორც აღმოჩნდა, ყველა საფეხურის მასწავლებელი: პრაქტიკოსები, წამყვანები და მენტორები ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ. რასაც ვერ ვიტყვით გახანგრძლივებულის მასწავლებლებზე.

გახანგრძლივებულის მასწავლებლების შემოსავალი ბავშვთა რაოდენობასა და მშობლებისგან გადახდილ თანხაზე იყო დამოკიდებული, თუმცა ეპიდემიისგან გამოწვეულმა მოულოდნელმა ვითარებამ ისინი ანაზღაურების გარეშე დატოვა. როგორც გავარკვიეთ ხშირად, გახანგრძლივებულის მასწავლებლის ფუნქციას ამავე სკოლის პედაგოგი ითავსებდა და ორმაგი საქმიანობისთვის ანაზღაურებასაც შესაბამისად ორივე თანამდებობის შესაბამისად იღებდა, მაგრამ ეს მასწავლებლები, ამჯერად, მხოლოდ ჩატარებული საათების მიხედვით იღებენ ხელფასს, გახანგრძლივებულის მასწავლებლის დანამატის გარეშე. გახანგრძლივებულის ის პედაგოგები კი, რომლებსაც სკოლაში საათები არ ჰქონდათ, სრულიად შემოსავლის გარეშე დარჩნენ. და, როგორც აღმოჩნდა, ასე გაგრძელდება ახალ სასწავლო წლამდე. 

„მარტის დასაწყისიდან სწავლა შეწყდა, ჯერ იყო არდადეგები, შემდეგ კორონავირუსისგან გამოწვეული კარანტინი და სახლში ყოფნა, სკოლები დაკეტილი იყო, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, თებერვლის შემდეგ ხელფასი არ ამიღია. მითხრეს, რომ შეიძლება სახელმწიფოს პროგრამაში მოვხვდე და 6 თვის განმავლობაში 200 ლარი მერგოს როგორც უხელფასოდ დარჩენილს, იმედია ასე იქნება, შემოსავლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია“, - ამბობს ჩვენთან საუბარში თბილისის საჯარო სკოლის გახანგრძლივებულის მასწავლებელი.

მათგან განსხვავებით, ზაფხულის კუთვნილ ხელფასს შეუფერხებლად მიიღებენ მაძიებელი პედაგოგები: 

„მაძიებლის საქმიანობა ანაზღაურებადია და მისი ხელფასი გათანაბრებულია პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასთან. ერთადერთი განსხვავება, სტატუსიან პედაგოგებთან შედარებით, ისაა, რომ მაძიებლებს (როგორც პრაქტიკოსებს) არ ერიცხებათ დანამატები, რომლითაც უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები სარგებლობენ, ისინი ზაფხულის ხელფასს მიიღებენ“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა.

ასე, რომ სკოლაში მომუშავე ყველა სტატუსის მასწავლებელი ახალ სასწავლო წელს ჩვეულებისამებრ შეხვდებიან. მათ ხელფასი დაუანგარიშდებათ და ორი თვის - ივლისის და აგვისტოს ანაზღაურებას ერთად მიიღებენ, გახანგრძლივებულის პედაგოგებს კი სახელმწიფოს იმედზე ყოფნა ან ახალი სამსახურის მოძებნა მოუწევთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203