სათვალთვალო კამერები ჰიგიენის ადგილებში... - კიდევ რა დარღვევების გამო დაჯარიმდა 7 სკოლა
2019 წელს არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების არასწორი დამუშავების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 1 კერძო და 6 საჯარო სკოლას დაეკისრა - აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიშშია საუბარი.
არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების შემთხვევები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეარჩია როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე მოქალაქეების/დაინტერესებული პირების მომართვის საფუძველზე. უწყებამ სულ 13 შემთხვევა შეისწავლა. საიდანაც 9 შემთხვევაში დარღვევა საჯარო სექტორში გამოვლინდა, მათ შორის 3 - სამართალდამცავ ორგანოებში, ხოლო 1 - კერძო სექტორში. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 1 კერძო და 6 საჯარო სკოლას (რამდენიმე მონაცემთა დამმუშავებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ერთზე მეტი დარღვევისთვის).
„არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, სადაც თავს იყრის დიდი მოცულობისა და განსაკუთრებით სენსიტიური მონაცემები მათ შესახებ. უპირველესად, ესაა სკოლები (კერძო თუ საჯარო), სადაც არასრულწლოვანთა დიდი რაოდენობით პერსონალური ინფორმაცია გროვდება“, - აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით სკოლების ნაწილში გამოვლინდა კანონის დარღვევით ვიდეოთვალთვალის ფაქტები - კერძოდ, მონიტორინგი ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში. ასევე პოლიციის თანამშრომლისთვის სკოლის კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერების გადაცემა შესაბამისი განკარგულების წარდგენის გარეშე; მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების გარდა, ისეთი პერსონალური ინფორმაციით მოთხოვნა, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული.
დეტალურად, სკოლების შემოწმების შედეგად გამოვლენილია შემდეგი დარღვევები:
- მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების გარდა, ერთ-ერთი საჯარო სკოლა დამატებით ამუშავებდა მოსწავლეთა პერსონალურ მონაცემთა შემცველ ისეთ დოკუმენტაციას, რომელთა სკოლისათვის წარდგენას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს;
- ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ასეულობით მოსწავლის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი პირადი საქმე ინახებოდა ღია ფორმით, სკოლის საქმისმწარმოებლის სამუშაო ადგილას (სადაც ხელი მიუწვდებოდათ სხვა პირებსაც). ეს ქმნიდა აღნიშნული მონაცემების უკანონო/შემთხვევითი დამუშავების რისკს;
- რამდენიმე სკოლაში (როგორც საჯარო, ასევე კერძო) გამოვლინდა კანონის დარღვევით ვიდეოთვალთვალის ფაქტები - კერძოდ, მონიტორინგი ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში. ვიდეოსათვალთვალო კამერების ხედვის არეალში არ ხვდებოდა საპირფარეშო ოთახში განთავსებული კაბინეტების შიდა პერიმეტრი, არამედ მხოლოდ საპირფარეშო ოთახის ხელსაბანი და დერეფანი. აღნიშნული ტერიტორია სკოლებს არ მიაჩნდათ ჰიგიენისთვის განკუთვნილ სივრცედ და, ამდენად, ვიდეომონიტორინგს დარღვევად არ თვლიდნენ. ვინაიდან კანონი ჰიგიენისთვის განკუთვნილ სივრცეში გამონაკლისის სახითაც არ უშვებს მონაცემთა დამუშავებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა სკოლის არგუმენტაცია, რომ საპირფარეშოებში ვიდეოკამერების განთავსება მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და თამბაქოს მოხმარების კონტროლს ემსახურებოდა. ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილი განსაკუთრებული პირადი სივრცეა. ის არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ საპირფარეშო კაბინეტების უშუალოდ შიდა პერიმეტრით. საპირფარეშო ოთახი მთლიანად - ხელსაბანების ადგილი, დერეფანი თუ კაბინის შიდა პერიმეტრი - მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ჰიგიენური მიზნებისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, პირის უფლება, გარეშე პირთა დაკვირვების გარეშე, თავისუფლად ისარგებლოს აღნიშნული სივრცეებით, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სივრცეებში მონაცემთა სუბიექტის მონიტორინგი ნებისმიერი მიზნით გაუმართლებლად ჩაითვალა;
- ერთ-ერთი კერძო სკოლის ადმინისტრაციამ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის (სასამართლოს განჩინება/პროკურორის დადგენილება) წარდგენის გარეშე, პოლიციის თანამშრომლებს გადასცა ამავე სკოლის სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერები, რომლებიც არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს ასახავდა;
- ერთ-ერთ კერძო სკოლაში მოსწავლეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ვიდეოთვალთვალის შესახებ და არც შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები იყო განთავსებული, კანონის შესაბამისად;
- ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემებთან წვდომა არ რეგულირდებოდა სათანადო წესით. შესაბამისად, არსებობდა მონაცემთა შემთხვევითი ან უკანონო დამუშავების რისკი.