მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შესაძლოა, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში გადავიდეს - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს მასწავლებლის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განუცხადა.
„რამდენიმე ვარიანტი განიხილება და ამ კვირის განმავლობაში გვეცოდინება საბოლოოდ სად გადავალთ. ერთი ვარიანტი არის ე.წ. კიბერნეტიკის შენობა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმდებარედ.
მასწავლებლის სახლი ამჟამად ჩვეულებრივად დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, ისევე როგორც მთელი პანდემიის პერიოდში იყო.
დაახლოებით თვის ბოლოსთვის უკვე ახალ მისამართზე ვიქნებით, ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობთ და ვნახოთ“, - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
როგორც ცნობილი გახდა, მასწავლებლის სახლის შენობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) გადაეცემა.