საბავშვო ბაღებში 2 საათში 6 ათასზე მეტი აღსაზრდელი დარეგისტრირდა - სააგენტოს განმარტებით, პროგრამას ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მეორე ეტაპის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, 14:00 საათის მონაცემებით, რეგისტრაცია 6 400-მა მომხმარებელმა გაიარა, დარჩენილია 5 340 თავისუფალი ადგილი.
მათივე თქმით, ტექნიკური ხარვეზი პროგრამას არ ჰქონია. თუმცა აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საიტზე შესვლის შემდეგ რეგისტრაციის გავლა ათასობით მშობელს გაუჭირდა. მიზეზი კი ის იყო, რომ საიტი მშობელს რეგისტრაციის საშუალებას არ აძლევდა.
„ეს მონაცემები ყოველწუთიერად იცვლება. რაც შეეხება რეგისტრაციის დაწყების მომენტში გამოთქმულ უკმაყოფილებას, განვმარტავთ, რომ ტექნიკური ხარვეზი პროგრამას არ ჰქონია, რეგისტრაცია მიმდინარეობდა, უნიკალური მომხმარებლები რეგისტრირდებოდნენ და ეს პროცესი ასახულია ჩვენს შიდა პორტალზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებმა ვერ მოახერხეს სასურველ ბაღში ბავშვის რეგისტრაცია, 22 ივნისის 09:00 საათიდან, უნდა მიმართონ კონკრეტული ბაგა-ბაღს და წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე“ - განმარტავენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ რიცხვში არ შედის ის 3 000 აღსაზრდელი, რომელიც ბაღებში პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა.
ამასთან, 22 ივნისიდან საბავშვო ბაგა-ბაღებში დაიწყება განაცხადების მიღება რეზერვში მოხვედრის თაობაზე.
იხილეთ ასევე: მშობლები ბაღებში ბავშვებს საიტის ხარვეზის გამო ვერ არეგისტრირებდნენ - რას ამბობს სააგენტო?