პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდებს შემოდგომით ჩააბარებენ - მაძიებლების ტესტირება კი 22 ივლისს დაიწყება
25-06-2020
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდა შემოდგომამდე გადავადდა, ივლისში გამოცდის ჩაბარებას მასწავლებლობის მსურველები და მაძიებელი სტატუსის მქონე პედაგოგები შეძლებენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

გამოცდების გადადების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროში გამართულ ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე, etaloni.ge-მ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა უწყებაში ფაქტი გუშინ არ დაადასტურეს.

22 ივლისიდან  30 ივლისის ჩათვლით გამოცდა ჩატარდება მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველებისა და მაძიებელი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის. ასეთი სულ 12 ათასამდე აპლიკანტია.

სქემაში შესული ცვლილებების თანახმად:

  • იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გადაუვადდათ გამოცდა და საშუალება მიეცათ 2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები; 
  • იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია და სტატუსის ასამაღლებლად დარჩენილი აქვთ 1-5 კრედიტ-ქულა, უფლება ექნებათ გაიარონ ტრენინგ-მოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ  დარჩენილი 1-5 კრედიტ- ქულა 19 კრედიტ-ქულამდე შევსების მიზნით; 
  • იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია შრომით ხელშეკრულებას 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს
  • მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შემოსვლის მსურველებს ჩააბარონ გამოცდა 2020 წლის ზაფხულში, რომელიც 22 ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ყველა ის რეკომენდაცია იქნება დაცული, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.
 
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება     გახსნილი  სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდა ზაფხულში აღარ ჩატარდება - რატომ დუმს განათლების სამინისტრო?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203