საკმარისია თუ არა სწავლის დაწყების ერთი კვირა ჰიგიენის ნორმების გასაცნობად - სკოლების წარმომადგნლების აზრი
07-07-2020

ახალი სასწავლო წლის დასაწყებად განათლების სამინისტრო რესურსცენტრებთან და საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად სამუშაო შეხვედრებს მართავს. უწყებამ სკოლების ნაწილს რეკომენდაციებიც გადაუგზავნა, რომლის მიხედვითაც სკოლებმა სასწავლო წლის დაწყების პირველი კვირა მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების გაცნობას უნდა დაეთმოს.

რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული ვადა ნორმების გასაცნობად და რას ფიქრობენ სკოლების წარმომადგენლები აღნიშნულ რეკომენდაციაზე ? - etaloni.ge მათ შეხედულებებს გიზიარებთ:

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი ნარიმანიძე:

„არაქართულენოვან სკოლებში სავარაუდოდ საჭიროა, რადგან მეტი სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია ექნებათ მოსწავლეებს, ყველა ასაკის  გათვალისწინებით. თუმცა, ამავე დროს ვფიქრობ საინფორმაციო კამპანია ჯერ მშობლებიდან უნდა დავიწყოთ, რომ მაქსიმალურად ეფექტი მივიღოთ. ამდენად ვფიქრობ ჩვენი და ჩვენი მსგავსი სკოლებისთვის ეს დრო სრულიად ადეკვატურია“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ოჩეს საჯარო სკოლის დირექტორი მარინა თორდინავა:

„ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, რამოდენიმე ათეული მოსწავლეა და მისაღებია ეს ვადა. დიდი სკოლებისთვის გააჩნია როგორი ჩართულობა იქნება მშობლების მხრიდან. სიმართლე გითხრათ, მე ეს ვადაც არ მჭირდება და ვფიქრობ 2 დღეც საკმარისი იქნება, თუმცა დიდი სკოლებისთვის ალბათ უფრო საჭირო იქნება“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლოლალოს საჯარო სკოლის მასწავლებელი ელზა ლურსმანაშვილი:

„ძალიან კარგია ასეთი მიდგომა. ვფიქრობ თუ აქტიურად იქნება ჩატარებული ასეთი შეხვედრები და მშობლებიც გააცნობიერებენ საკითხის მნიშვნელობას საკმარისი იქნება. ყველა ძალიან ნერვიულობს და განიცდის, როგორ იქნება სიტუაცია. მშობლებიც ხშირად მირეკავენ როგორ მოხდება სასწავლო პროცესის განახლება და თუ ინფორმირებული იქნებიან ძალიან კარგი იქნება“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბულაჩაურის საჯარო სკოლა სოფიო ფრიდონაშვილი:

„ვფიქრობ საკმარისი იქნება, რადგან დამრიგებლები ყველა თავის კლასის მოსწავლესა და მშობელს გააცნობს ინფორმაციას, იმ ფორმით რა ფორმაც უფრო მოსახერხებელი იქნება და შევძლებთ ინფორმაციის გადაცემას“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის კურტლარის საჯარო სკოლის პედაგოგი სოფო კუპრაშვილი:

„ვადა ვფიქრობ სრულიად საკმარისი და ადეკვატურია, მაგრამ რამდენად შეასრულებენ ან გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას საკითხავი ეს არის. შესაძლებელია სკოლებმა არ დაიცვან, შეიძლება შეშინდნენ და გაითვალსწინონ ეს რეკომენდაციები, შორიდან გამიჭირდება ამის თქმა, თუმცა, ვფიქრობ, დიდი დრო არ არის ერთი კვირა“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203