თბილისის რომელი რაიონების ბაგა-ბაღებში დაფიქსირდა ტუბერკულოზი - საგანგაშო სტატისტიკას ექიმთა დაცვის ასოციაცია ასაჯაროებს
03-07-2020

5 ბავშვი და 9 ზრდასრული ადამიანი - ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ კვლევის საგანგაშო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საჯარო ბაგა-ბაღებში ტუბერკულოზის გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება როგორც ბაღის თანამშრომლებს, ისე აღსაზრდელებს შორის.

ასოციაციის თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ აღნიშნა, რომ კვლევა 2017-2019 წლებს მოიცავს და ამ პერიოდში, 5 ბავშვისა და ბაღის 9 თანამშრომლის ტუბერკულოზით ინფიცირების ფაქტია დაფიქსირებული, თუმცა ეჭვობს, რომ ეს მონაცემები არასრულია და საქმე ბევრად სერიოზულადაა.

საბავშო ბაღში ტუბერკულოზის დაფიქსირების ერთ-ერთი პირველი შემთხვევა 2018 წელს დაფიქსირდა და სხვათა შორის, მაშინ კახა კალაძემ გააჟღერა - ბაღებში კონტროლის მექანიზმი  გამკაცრებულიყო. თუმცა, როგორც ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტუბერკულოზის ფაქტი უფრო ადრეც - 2017 წელს დაფიქსირებულა და ისიც დასძინა, რომ დაავადება ბავშვებს სწორედ ბაღში მომუშავე პირებისგან გადაედოთ.

მართალია, ამჯერად კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, მაგრამ სალომე ლოლუამ ბაღები რაიონების მიხედვით მაინც დააკონკრეტა: 2017 წელს ტუბერკულოზი გამოვლინდა მთაწმინდისა და ისანი-სამგორის რაიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, 2019 წელს კი მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონების ბაგა-ბაღების თანამშრომლებს  დაუდასტურდათ დაავადება. „სტატისტიკა არის ძალიან მძიმე და აუცილებელია, შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს ბაგა-ბაღებში არსებულ სიტუაციას“.

მით უმეტეს, რომ ბაღებში მომუშავე ადამიანებს ევალებათ, ყოველ წელიწადს გაიარონ შემოწმება ტუბერკულოზზე, რა ვალდებულებაც, რატომღაც, კერძო ბაღების პერსონალს არ ეკისრება.

რაც შეეხება ცნობებს, დაინფიცირებულ ადამიანებს ისინი გააჩნდათ, თუმცა სალომე ლოლუა მათ ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს; გარდა ამისა, ამბობს, რომ სხვადასხვა პოლიკლინიკაში გაკეთებული ანალიზი სანდო ვერ იქნება და არც ისაა გამორიცხული, სწრაფი ტესტების ხარისხის სანდოობაც დადგეს კითხვისნიშნის ქვეშ.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203