დღეს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრების სიმცირე შეიმჩნეოდა. რეგისტრაციის დროს აბიტურიენტები მშობლებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მიაცილეს, თუმცა რაც მანდატურის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებმა გულშემატკივრებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდეს, მათ ტერიტორია დატოვეს.
გულშემატკივართა მცირე ნაწილი ერთმანეთს ამხნევებს და დრო ერთმანეთთან საუბარში გაჰყავთ:
“ვლოცულობ ზღვარი გადალახოს და სადმე შეძვრეს”.
“ამ ონლაინგაკვეთილებმა საერთოდ გამოთიშა ბავშვები ცალკე პანიკა ცალკე ეს სწავლების ფორმა. ამიტომ ვღელავ და ვნერვიულობ. ის პროგრამა ამოღებული უნდა იყოს, რადგან ფსიქოლოგიურად შეუშალა ბავშვებს ხელი”.
“ისეთი კანკალით შევიდა, ამან რა უნდა ჩააბაროს არ ვიცი”.
“სანამ გამოვა, გული გამიჩერდება, არაფერი აღარ მახსოვსო შესვლისას მითხრა”.
“ვთხოვე მთელი დრო გამოიყენე ადრე არ გამოხვიდე-მეთქი, მთავარია მშვიდად იყოს და რაღაცას იზამს, ტვინი კი არ გადმოსდის, მაგრამ თუ დაიხარჯება, ჩააბარებს”.
“ვნერვიულობ, აბა არ ვინერვიულებ? სკოლაში სწავლა არაა, მასწავლებლები ვერ აძლევენ ცოდნას, ეძახე თბილისი. სოფლელი ბავშვები უკეთესად აბარებენ და გრანტებსაც იღებენ, მასწავლებლები ჰყავთ უკეთესი”.
“ამ თაობას მარტო შაურმა აჭამე და გასართობი მიეცი, არ ვიცი ასე უდარდელად როგორ უყურებენ გამოცდებს“ - ასეთი ფრაზები ისმოდა დღეს N39 საჯარო სკოლასთან.