ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი დღე დასრულდა. რეგისტრაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, N39 საგამოცდო ცენტრში ტემპერატურა არავის დაუფიქსირდა. აბიტურიენტები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ, თუმცა საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები მაინც ღელავდნენ: „გული მიკანკალებს ახლა არავინ დააგვიანოს“ - ესაუბრებოდა ერთი მეორეს. არავის დაუგვიანია. საგამოცდო დრო კი გულშემატკივრებისთვის ძალიან გაიწელა.
პირველი აბიტურიენტის გამოსვლის შემდეგ საკითხები ცნობილი გახდა და გულშემატკივრებში ნერვიულობამ იმატა. აბიტურიენტების დიდი ნაწილის შეფასებით, საგამოცდო საკითხები საინტერესო და მარტივი იყო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მოცემული ესე არ მოეწონათ და ფიქრობენ, რომ დამაბნეველი იყო.
აბიტურიენტთა გულშემატკივრები საგამოცდო ცენტრის გარეთ, ქუჩაში ელოდებოდნენ აპლიკანტებს და ყველა გამომსვლელს ეგებებოდნენ, მათი ემოციები და საკითხები რომ გაეგოთ.
„მეგობარს ველოდები, ჯაყო წაკითხულიც არ აქვს, ლექსები უყვარს და დიდი იმედი მაქვს, არ გაუჭირდება ლადო ასათიანის ლექსის მიხედვით წერა“.
გულშემატკივრები გამოსულ აბიტურიენტებს კიდევ უფრო მეტ დეტალს ეკითხებოდნენ საგამოცდო საკითხებიდან.
- რა მონაკვეთი იყო ჯაყოდან? -კითხულობდა აღელვებული დედა.
- დუქნის გახსნაზე იყო რაღაც .
- დუქნის გახსნა და ჯანდაბა მაგათ, საიდან გემახსოვრებოდა ეგ შენ?! - ნერვიულობდა დედა.
საგამოცდო დრო რაც უფრო იწურებოდა, მეტად კმაყოფილები გამოდიოდნენ აპლიკანტები, დრო მაქსიმალურად გამოიყენეს და სიხარულს ვერ მალავდნენ:
„ძალიან გახარებულო ვარ, უნდა ვიკივლოო ისე მაგრად დავწერე. ისეთი კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ყველას უნდა ვუთხრა“ - საკუთარი ნაშრომით კმაყოფილი გამოვიდა საგამოცდო ცენტრიდან თაკო, რომელსაც გარეთ მეგობრები ელოდებოდნენ.
თაკო ერთადერთი არ ყოფილა, ვისაც საგამოცდო ტესტი მოეწონა და საკუთარი ნაშრომით თავს იწონებდა:
„ჯაყო შემხვდა ხალხო, გუშინ გადავიმეორე, ისე კარგად დავწერე, ბედნიერი ვარ“.
მიუხედავად დროის მაქსიმალურად გამოყენებისა, აბიტურიენტთა ნაწილმა საგამოცდო ცენტრი უკმაყოფილომ დატოვა:
„სისულელე ესე იყო, ნერვები ძალიან მომეშალა. ისე იყო საკითხი დასმული, რომ ბევრი მიმართულებით შეიძლებოდა წაგეყვანა მსჯელობა, მაგრამ ვღელავ, არგუმენტები არასწორად არ ჩამითვალონ და არ გამინულონ“.
„ისეთი გასასწორებელი ტექსტი შემხვდა 16-ზე მეტი შეცდომა ვიპოვე და ვხშირავდი. ისიც იმიტომ, რომ ვიცოდი 16-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, აშკარად მეტი შეცდომა ვიპოვე“.
ქართული ენისა და ლიტერატურის კიდევ სამი გამოცდაა დარჩენილი. ის აბიტურიენტები, რომლებიც ქართულს მომდევნო დღეებში აბარებენ, იმედოვნებენ, რომ მათაც ისეთივე მარტივად სამსჯელო საკითხები შეხვდებათ, როგორც უკვე ჩატარებულ სამ ვარიანტში იყო.