„ბავშვი რომ გამოვა, ვერც მივეგებები“ - 103-ე სკოლასთან გზა გადაკეტეს, საგამოცდო ცენტრთან გულშემატკივრებს აღარ უშვებენ
09-07-2020
ეროვნული გამოცდების მესამე დღე N103 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამკაცრებული პირობების ფონზე დაიწყო. სკოლის მიმდებარე ქუჩა საპატრულო პოლიციამ გადაკეტა და ყვითელი ლენტებით შემოღობა.
როგორც გავარკვიეთ, მანქანების ქუჩაზე დგომამ მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნა, ხოლო ხმაური აბიტურიენტებს უშლიდა ხელს, გარდა ამისა, გულშემატკივართა შეკრების თავიდან აცილებაც ერთ-ერთი რეკომენდაცია გახლდათ. ასე რომ, გულშემატკივრებს მოშორებით დგომა უწევთ, უკმაყოფილო გადაძახილების ფონზე:
გაგვირთულეს ცხოვრება. აღარ იციან რა მოიგონონ!
ბავშვი რომ გამოვა, ვერც მივეგებები, ესაა საქმე?!
შემიშვი, ადამიანი არ ხარ?!
ცხარობდნენ პატრულის თანამშრომლებზე მშობლები, თუმცა უშედეგოდ...