გამოცდიდან სიცხის გამო მოხსნილი აბიტურიენტები შემდეგ გამოცდებზე დაიშვებიან
09-07-2020

აბიტურიენტებს, რომელთაც ცხელების გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვებენ, მოგვიანებით კი, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ, გამოცდაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ - ამას „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია.

„2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის, ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) შესაბამისად არ დაიშვნენ გამოცდაზე და რომელთაც პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შედეგად არ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი“, - აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.

ბრძანება, დღეს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203