„ნაეკის“ პასუხი აბიტურიენტს, რომელმაც საგამოცდო ბარათი შეცდომით ამობეჭდა და გამოცდაზე მეორე დღეს მივიდა - ცენტრი აპლიკანტებს მიმართავს
10-07-2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 173-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება. როგორც etaloni.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში უწყება აღნიშნავს, ცენტრს აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ბარათთან დაკავშირებით ინფორმაცია სმს შეტყობინების სახით არ გაუგზავნია.

„საგამოცდო ბარათთან დაკავშირებით ინფორმაცია აბიტურიენტებს არ მისვლიათ სმს შეტყობინებით. საგამოცდო ბარათის ნახვა და ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეეძლოთ და ახლაც შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ ვებგვერდზე online.naec.ge შესვლის შემდეგ, პირადი გვერდიდან (სადაც გამოსაცდელები ირჩევენ გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობენ შედეგებს).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე არსებულ ინფორმაციას. ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო, ასევე ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ გამოცდებზე გამოსაცდელებმა“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აბიტურიენტმა, რომელმაც საგამოცდო ბარათი არასწორად ამობეჭდა, გამოცდაზე ერთი დღით დააგვიანა. მისი თქმით, ბარათი ტელეფონზე მოსული შეტყობინებიდან ამობეჭდეს და არა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203