აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმყოფებოდა კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„დილისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს დაემატა 5 ახალი შემთხვევა.დღევანდელი ერთი შემთხვევა გახლავთ გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სწორედ ამ შემთხვევამ მომიყვანა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. გუშინ ჩვენ მიერ გვიან ღამით დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იმ საოჯახო კონტაქტების რიცხვიდან,რომელიც გუშინწინ ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. როდესაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევდა მასთან კონტაქტირებულ ადამიანებს, ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგონას კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, რომელიც 7 ივლისს გასულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე“,-განაცახადა ამირან გამყრელიძემ.
აღსანიშნავია, რომ საგამოცდო სეტორში, რომელშიც ეს აბიტურიენტი იმყოფებოდა დამატებით კიდევ 9 აპლიკანტი იყო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, აღნიშნული აბიტურიენტები გამოცდებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ისინი ტესტებს სპეციალურად იზოლირებულ ოთახებში დაწერენ:
„ამისთვის არსებობდა პროტოკოლი მსგავსი სცენარისთვის მზად ვიყავით. აბიტურიენტები, რომლებიც შემხებლობაში იმყოფებოდნენ იმ აპლიკანტთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდების ჩაბარებას იზოლირებულ საგამოცდო ცენტრებში განაგრძობენ. ისინი ამჟამად დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეში იმყოფება და ყოველი გამოცდის წინ მათ PSR ტესტი ჩაუტარდებათ. ის აბიტურიენტი კი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის საგამოცდო პროცესს გამოეთიშება“.