შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძე გულშემატკივრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ნაშრომების გამსწორებლები დამატებით წესებს დაიცავენ.
"მოგეხსენებათ მეხუთე დღეა საგამოცდო პროცესში ვართ და ამ ხნის განმავლობაში ზედმიწევნით დავიცავით ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოგვაწოდეს სპეციალისტებმა. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ცხადია, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. როგორც მოგეხსენებათ გვაქვს სპეციალური საგამოცდო სივრცეები და ის ცხრა აბიტურიენტი მაქსიმალურად ზომებისა და რეკომენდაციების შესაბამისად განთავსდებიან ამ სივრცეებში.
ნამუშევრების გასწორებას რაც შეეხება, ჩვენ ისედაც ვაპირებდით რამდენი კარანტინი გაევლო ნამუშევრებს, ეს იყო რეკომენდაცია. ამ კარანტინის გავლის შემდგომ ხელთათმანების, პირბადისა და დამცავი ფარის გამოყენებით მოხდება ნამუშევრების დასკანერება. ასე რომ ამ კუთხითაც პრობლემა არ იქნება.
კიდევ ერთხელ აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს მოვუწოდებთ გამოიჩინონ სიფრთხილე, როდესაც შეუძლიათ გამოიყენონ პირბადე. კიდევ ერთხელ მივმართავ გულშემატკივრებს დაელოდონ აბიტურიენტებს სახლში", - განაცხადა სოფიო გორგოძემ და აღნიშნა, რომ შემთხვევის მიუხედავად რეკომენდაციები მეტად აღარ გამკაცრდება.
"სივრცეებში, რომელიც ცალკე გვაქვს მომზადებული ისედაც საკმაოდ მკაცრი რეკომენდაციებია, შესაბამისად დამატებითი ღონისძიებების საჭიროება არ არსებობს. როდესაც სესია მთავრდება ზედმიწევნით ხდება სექტორის სველი წესით დასუფთავება, შემდგომ სადეზინფექციო ხსნარებით დასუფთავება იატაკის ცალკე, ფარების ცალკე, მაგიდის, კარის სახელურების... ამიტომ ეს რეკომენდაცია ისედაც გვქონდა და მსგავსი შემთხვევებისთვის და გავაგრძელებთ ამ რეკომენდაციებია დაცვას. ამ ეტაპზე დამატებითი რეკომენდაციები არ მიგვიღია",- განაცხადა სოფიო გორგოძემ.