„ძალიან მარტივი იყო და უზომოდ კმაყოფილი ვარ. ლოგარითმები იყო ერთი-ორი“ - პირველმა აპლიკანტმა მათემატიკის გამოცდა ნახევარ საათში დატოვა.
მას შემდეგი აპლიკანტებიც მალევე მოჰყვნენ. როგორც N39 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტების უმეტესობა აღნიშნავენ, ტესტური ნაწილი მარტივია.
„მე-9 კლასიდან დაწყებული ყველაფერი იყო შეტანილი და ძალიან მარტივი იყო, გეომეტრიის ნაწილი ცოტა იყო, განტოლებები - მეტი“.
„მე აზრზე არ ვიყავი და მარტო ტესტები დავწერე. მარტივია თუ რთული ვერ შევაფასებ“.
„არ იყო რთული. ტესტებს მივყევი ამოცანები არ გამიკეთებია“.
„30 ტესტი იყო და ის გავაკეთე, სხვები არც მიცდია“.
„ძალიან მარტივი იყო. სულ 40 საკითხია, აქედან 30 ტესტური, ფორმულებიც მოცემულია, გამოყვანა უნდა შეგეძლოს. ძალიან კმაყოფილი ვარ“.
„შარშანდელ ტესტთან შედარებით რთული იყო, ამოცანების ამოხსნა დიდ დროს მოითხოვდა, ტესტური ნაწილი შედარებით მარტივი იყო“.
„არის რთული საკითხებიც, თუმცა საერთო ჯამში მარტივია. არ ველოდი ასეთ ტესტს, გახარებული ვარ“.
დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკაში ტარდება.