სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს „ეტალონის“; etaloni.ge-ს და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა პროექტების მენეჯმენტი დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა.
„მინდა მოგახსენოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ჩემს მხარდამჭერებს, ჩემი დიდი და მძლავრი ოჯახის წევრებს, ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ორიენტირებულია საქართველოს მომავალზე, წარმატებულ, ეფექტურ განათლებაზე.
მე დროებით ვემიჯნები სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ მენეჯმენტს. ასევე, ძალიან ძლიერ საინფორმაციო-საგანმანათლებლო პორტალ etaloni.ge-სა და izrune.ge-ს. მათ თქვენ გაბარებთ. იმედი მაქვს, რომ ჩემი უკან მობრუნების შემდეგ, გაცილებით ძლიერი და მაგარი ინსტრუმენტები დამხვდება, იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ და ნებისმიერმა მოსწავლემ მიიღოს ეფექტური განათლება. მაშ ასე, ვემიჯნები დროებით და გაბარებთ თქვენ. იმედი მაქვს წარმატებულს და კიდევ უფრო უკეთესს გახდით, იმიტომ, რომ მისი საჭიროება პირდაპირ ჩანს.
გადავწყვიტე მივმართო იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ცდილობენ და სავარაუდოდ, მოვლენ კიდევაც ხელისუფლებაში და გავიხადო ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად ოთხ კომპონენტში. ამ მიმართვას გავაკეთებ სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ორპოლუსიანობის პერიოდში ცდილობენ ჩამოაყალიბონ შუა ნაწილი, რომელიც ზომიერად ნეიტრალური იქნება. ჩვენი სიძლიერე იდეებშია. სრულებით ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაშინ არის ძალა ფინანსები, ძალაუფლება და ასე შემდეგ, როცა ის სიმართლეს და იდეებს ემსახურება. ამიტომ, მე მომხრე ვარ ძლიერებისა. ოთხი კომპონენტი, რომლითაც მინდა მივმართო (ყველას არა, რა თქმა უნდა) უსერიოზულეს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც აქვთ შესატყვისი ინტელექტუალური მონაცემი, შესაბამისი მასშტაბები... “
ვიდეო მიმართვაში გოჩა ტყეშელაშვილმა „ეტალონის“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დასაბრუნებლად შეგროვებულ 35 ათასი პედაგოგის ხელმოწერებისა და პარლამენტარების მიერ შედგენილი პეტიციის შესახებაც ისაუბრა.
ჩვენი მხრიდან კი გვინდა ვაცნობოთ „ეტალონის“ და მისი პროექტების ყველა მხარდამჭერს და გულშემატკივარს, რომ „ეტალონის“ ავტორის მენეჯმენტიდან გასვლა ჩვენს გუნდს უფრო მეტ, გაძლიერებულ პასუხიმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ ვეცდებით, კვლავ უმაღლეს დონეზე შევინარჩუნოთ, გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ის მიზნები და ამოცანები, რასაც უკვე 15 წელზე მეტია მიჰყვება ყველაზე ეროვნული პროექტი, და რა თქმა უნდა თქვენი, ჩვენი მხარდამჭერების და გულშემატკივრების, მთელი საგანმანათლებლო სექტორის თანადგომის იმედი გვაქვს.