ერთიან ეროვნულ გამოცდებში სავალდებულო საგნების ტესტირება დღეს სრულდება. აბიტურიენტებმა უკვე ჩააბარეს ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და მათემატიკის პირველი სესიის გამოცდა. შესაბამისად, დავინტერესდით, როგორია აბიტურიენტების განწყობა, როგორ აფასებენ ისინი გამოცდებს და კმაყოფილნი არიან თუ არა თავიანთი თავით - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge საჯარო სკოლის დირექტორებს ესაუბრა.
იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი გელა ქავთარაძე:
„რა შედეგებს ელიან არ ვიცი, მაგრამ უკმაყოფილოები არ არიან. ზოგადად არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას რაც არ უნდა მითხრან, სანამ საბოლოო შედეგები არ გახდება ცნობილი და ვნახოთ, ბოლოს როგორ იქნება“.
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის N1 საჯარო სკოლა. სოფიო კუბლაშვილი:
„ისტორიაზეც ითქვა და ქართულის ერთ ვარიანტზეც, რომ რთული იყო, თუმცა ძირითადად კმაყოფილები არიან. საგამოცდო გარემოც მოეწონათ აღნიშნეს, რომ ზედმეტი შეზღუდვებიც არ ყოფილა და ნორმალური სიტუაცია იყო.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად აბიტურიენტები მომზადებულები იყვნენ, მართალია გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორები იყო, მაგრამ სახლში იყვნენ და ემზადებოდნენ“.
შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის საჯარო სკოლის დირექტორი ლევან კილაძე:
„სამი აბიტურიენტი გვყავს წელს, ორთან მქონდა კომუნიკაცია და კმაყოფილები იყვნენ, ტესტითაც და საგამოცდო გარემოთიც. საკმაოდ კარგი ბავშვები არიან, განწყობაც საიმედო აქვთ და დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს“.
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კიწმარიშვილი:
„რამოდენიმე აბიტურიენტთან გვქონდა კონტაქტი გამოცდიდან გამოსვლის შემდგომ. კმაყოფილები არიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ გარკვეული ნიუანსები იყო, რომლებიც გამორჩათ მხედველობიდან. ახლა გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ ჩამოყალიბდნენ ამ საკითხებზე და იქ ადგილზე გაუჭირდათ.
მომზადებით, აბიტურიენტები ინტენსიურად ემზადებოდნენ დისტანციურად. ისინი ვინც ეროვნული გამოცდების ჩაბარებას აპირებდნენ, ნამდვილად მეცადინეობდნენ. რა თქმა უნდა, უშუალოდ კონტაქტი უფრო სასარგებლოა სწავლის პროცესში, როგორც მასალის გადაცემის თვალსაზრისით ისე უკუკავშირის მიღებისას თვალსაზრისით, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე ბავშვებმა და მასწავლებლებმა გამოიყენეს დისტანციური სწავლების შესაძლებლობა“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ლაბაძე:
„ჩემი აბიტურიენტების ნაწილთან მქონდა კომუნიკაცია. უკმაყოფილება არ გამოუხატავთ. ბავშვები მომზადებულები იყვნენ გამოცდებისთვის. დისტანციურ რეჟიმშიც აქტიურად ემზადებოდნენ და საუკეთესოდ არიან მომზადებულები“.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი გორდეზიანი:
„დღესაც მათემატიკის გამოცდიდან ვინც გამოვიდა უხაროდათ რომ ყველაფერი გააკეთეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდანაც კმაყოფილები იყვნენ და როგორც ამბობენ, ძალიან კარგად დაწერეს. ჩვენი სკოლიდან 7 მოსწავლე აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
მომზადების მხრივაც არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ, თავადაც მათემატიკის მასწავლებელი ვარ და „ტელესკოლაშიც“ ჩართული მყავდა და დისტანციურადაც მუდმივად ვმუშაობდით. ერთი დღე არ გაგვიცდენია“.
ბოლნისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ადამია:
„ჩემი სკოლა სომხურენოვანია და აბიტურიენტებს მხოლოდ უნარების ჩაბარება უწევთ. ჯერ არ ვიცი როგორი კმაყოფილები იქნებიან, თუმცა დისტანციურ რეჟიმში ემზადებოდნენ სკოლაშიც და დამატებით უნარებშიც. ასე რომ მომზადებულები ნამდვილად არიან და ვნახოთ, საბოლოოდ როგორი კმაყოფილები იქნებიან“.
რუსთავის N21 საჯარო სკოლა ნინო გავაშელი:
„54 აბიტურიენტი გვყავს წელს და კმაყოფილები არიან, როგორც ამბობენ ძალიან დიდი სირთულის ტესტი არ ყოფილა. ფორმალური ტესტი იყო, საშუალო დონის მოსწავლეც რომ დაწერდა. თვითონ კმაყოფილები არიან და „წიწილებს შემოდგომით ითვლიანო“, ასე რომ ვნახოთ“.
ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე:
„ჩვენი ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან და საკმაოდ მაღალ შედეგებსაც ელოდებიან. ვფიქრობ, საკუთარ იმედებსაც გაამართლებენ. წელს 99 აბიტურიენტი გვყავს“.