ერთი წელია თბილისის N113 საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის, და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა პედაგოგია. ირაკლი ნოდია 25 წლის გახლავთ, პროფესიაში მაძიებლობის პროგრამით შევიდა და ახლა უკვე აბიტურიენტ მოსწავლეებს გულშემატკივრობს. როგორ აფასებს ისტორიის გამოცდას და ზოგადად, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი, Etaloni.ge-ს თბილისის N113 საჯარო სკოლის პედაგოგი, ირაკლი ნოდია ესაუბრება.
- თავიდანვე მქონდა ინტერესი ისტორიის მიმართ, პროფესიით ისტორიკოსი ვარ და სულ რაღაც ერთი წელია, სკოლაში ვასწავლი... ვცდილობ ისეთი მასწავლებელი ვიყო, როგორზეც ბავშვობაში თავად მიოცნებია.
- და როგორია თქვენი თვალით დანახული კარგი პედაგოგი, ბატონი ირაკლი, მით უმეტეს, იოლი არ არის, თანამედროვე მოსწავლე გაკვეთილით დააინტერესო?
- სულ მაქვს მცდელობა, ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი არასტანდარტული, საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს, თუმცა ამავე დროს, დავიცვა ოქროს შუალედი და მოსწავლეებიც ზედმეტად არ გადავტვირთო. ვიყენებ ბევრ მეთოდს - როგორც ელექტრონულს, ისე საკლასო რესურსებს... ეს მზარდი, მუდმივად განახლებადი პროცესია, ერთი გაკვეთილი არაფრით ჰგავს მეორეს, ექსპრომტად ხდება ყველაფერი და არც თავიდან ბოლომდე გაწერილი სქემით ვხელმძღვანელობ. თვითონ მოსწავლეების მხრიდან მოდის, ასე ვთქვათ, დაკვეთა და შემიძლია თამამად გითხრათ - საუკეთესო მოსწავლეები მყავს, რომელთა საჭიროებიდან გამომდინარე ვგეგმავ თითოეულ გაკვეთილს.
- 25 წლის ხართ, უფროსკლასელებს ისტორიას ასწავლით...
- რომ გითხრათ, რომ ასაკის გამო სკოლაში განსაკუთრებული პრობლემების წინაშე დავდექი-თქო, ტყუილი იქნება. ჩემ მოსწავლეებს ვასწავლი მარტივ ჭეშმარიტებას - თუ არ ისწავლიან, არაფერი გამოვა, რადგან ყველაზე ძლიერი იარაღი, ესაა ცოდნა! ცხოვრება რთულია და შეიძლება ადამიანმა ყველაფერი დაკარგოს, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვერავინ წაართმევს, სწორედ ცოდნაა.
- თქვენ შეგონებებს სწორად იგებენ?
- რა თქმა უნდა, სწორად, ესმით ჩემი სიტყვები.
- თუმცა, გარდა ზემოჩამოთვლილი ფაქტორებისა, არსებობს ადამიანური ურთიერთობები მოსწავლე-მასწავლებელს შორის. მკაცრი ხართ?
- მკაცრი ვარ, თუმცა ამ სიმკაცრესთან ერთად მოვიდა ჩვენი მეგობრული ურთიერთობა. შემიძლია, მთელი დღე ვესაუბრო მოსწავლეებს... დისტანციური სწავლებისას, მუდმივად ვმსჯელობდით ხელოვნებაზე, ისტორიაზე, კულტურაზე, სპორტზე... არ მინდა, ეს იყოს ჩაკეტილი წრე და არც ის მინდა, მათთვის მხოლოდ მასწავლებელი ვიყო, რომელთანაც იმ ორმოცდახუთი წუთის იქით არ ექნებათ ურთიერთობა.
- აბიტურიენტები თუ გყავთ და როგორ შეაფასებდით ისტორიის გამოცდას?
- ჩემი მოსწავლეები კმაყოფილები გამოვიდნენ ისტორიის გამოცდიდან, ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა და საკითხი, რომელიც არ დაგვიმუშავებია, გამოცდაზე არ ყოფილა, დანარჩენს კი პასუხების გამოქვეყნების შემდეგ შევიტყობთ და უკეთ გავაანალიზებთ ყველაფერს; მით უმეტეს, მე, როგორც პედაგოგი, სულ ვითვალისწინებ მინუსებსა თუ პლუსებს, რაც სასწავლო პროცესს ახლავს და ვცდილობ, გავაუმჯობესო შედეგები.
- ახალბედა პედაგოგი ბრძანდებით და იქნებ შეაფასოთ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
- მაძიებლობის პროგრამაში ვარ ჩართული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გახლავართ და ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ეს ყველაფერი მიმართულია პროფესიული ზრდისკენ, მაგრამ თუ გამარტივდება და ბიურკორატიული პროცედურებისგან გათავისუფლდება, უკეთესი იქნება. ფაქტია, მასწავლებელი უნდა გაიზარდოს. საბჭოთა პერიოდში ვტკეპნიდით ერთ ადგილს, ახლა კი 21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიების საუკუნე და ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ მას.