განგრძობითი განათლების სტანდარტის წესში ცვლილებები შევიდა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით, სერტიფიცირებული ბუღალტერი, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესასრულებლად, ვალდებულია, ყოველი, 3 წლის განმავლობაში გაიაროს განგრძობითი განათლების სულ მცირე 90 საათი (ან მისი ეკვივალენტური სწავლის ერთეული).
სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია, 3 უწყვეტი კალენდარული წლის მანძილზე, ყოველ წელს გაიაროს, სულ მცირე, შემოწმებადი 20-საათიანი (ან მისი ეკვივალენტური სწავლის ერთეული) განგრძობითი განათლება.
პროფესიული ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, გაზარდოს განგრძობითი განათლებისთვის სავალდებულო, სწავლის ერთეულის რაოდენობა ყველა წევრის ან მათი ნაწილისათვის. საჭიროება შეიძლება გამომდინარეობდეს სამსახურში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ხარვეზების, პროფესიული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებიდან ან კანონმდებლობაში, სტანდარტებში ან სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებებით.
სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელსაც მოეთხოვება აუდიტორიისთვის განკუთვნილ განგრძობითი განათლების პროგრამაში მონაწილეობა, უფლებამოსილია მიიღოს განგრძობითი განათლების ჩათვლა შემდეგი წესით:
ა) არაუმეტეს შემოწმებადი 30 სწავლის ერთეულის (საათის) ოდენობით, სტუდენტის აქტიური სტატუსის პერიოდში ორი თანმიმდევრული წლის განმავლობაში, ბიზნესის ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვის, მენეჯმენტის, ფინანსების ან/და ეკონომიკის მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებისათვის;
ბ) არაუმეტეს შემოწმებადი 30 სწავლის ერთეულის (საათის) ოდენობით ყოველწლიურად, პროფესიული ორგანიზაციის მიერ განგრძობითი განათლების პროგრამის სწავლების პროცესში, განგრძობითი განათლების პროგრამით გათვალისწინებულ საგანში (თემატიკაში) ლექტორობით/ ინსტრუქტორობით;
გ) არაუმეტეს შემოწმებადი 40 სწავლის ერთეულის (საათის) ოდენობით, თუ გამოაქვეყნა პროფესიული სამაგისტრო ნაშრომი ან დისერტაცია, გამოსცა წიგნი ან ჩაატარა პროფესიულ სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევა და რომლებიც შეფასებულია რეცენზენტის მიერ;
დ) არაუმეტეს 30 სწავლის ეკვივალენტური ერთეულის (საათის) ოდენობით, თუ ჩააბარა პროფესიული სასერტიფიკაციო გამოცდა;
ე) არაუმეტეს 10 სწავლის ერთეულის (საათის) ოდენობით, თუ პირი ადასტურებს პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფერენციაში მონაწილეობას.