განათლების ნორმალურად მისაღებად ყველა სოფელში უნდა იყოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი - გიორგი გახარია
23-07-2020
მთავრობის სხდომაზე დღეს სოფლებში ინტერნეტიზაციის პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მოსწავლეებისთვის ნორმალური განათლების მისაღებად აუცილებელია ყველა სოფელში მაღალი ხარისხის ინტერნეტის შეყვანა.
„ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ, არის ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია. ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება, ეს კიდევ ერთ უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში - ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება, იმისთვის რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშაონ, იმისთვის რომ ჩვენმა ბავშვებმა ნორმალურად მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთ როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, - განცხადა გიორგი გახარიამ.