საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, გურიის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას ეწვია, სადაც რეგიონის სკოლის დირექტორებსა და „ახალი სკოლის მოდელის“ ადგილობრივ ექსპერტებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, მათ შორის, პანდემიის პირობებში სკოლების მართვის საკითხებზე, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე, პედაგოგთა გამოცდებსა და სპეცმასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე. შეხვედრის ბოლოს კი დირექტორების შეკითხვებს უპასუხა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. გასულ წელს სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სკოლაში მოეწყო სველი წერტილები, მოპირკეთდა სკოლის შიდა ეზო, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 192,416 ლარი გამოიყო.