„პრაქტიკოსების წინააღმდეგ არ ვარ, თუმცა მაძიებლები მათთან თანაბარ პირობებში არ არიან“ - წამყვანი პედაგოგი, რომელიც გამოცდაზე შვილს გულშემატკივრობს
29-07-2020
მასწავლებლობის მსურველებმა და მაძიებელმა პედაგოგებმა დღეს უცხო ენის, ასევე ქართული, როგორც მეორე ენის გამოცდა ჩააბარეს.
რეგისტრაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. აპლიკანტებს საგამოცდო ცენტრთან ოჯახის წევრები ელოდებოდნენ. საგამოცდო ცენტრთან გულშემატკივარს გავესაუბრეთ, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფლის სკოლაში წამყვანი პედაგოგია, ამჯერად კი შვილს გულშემატკივრობს.
„სკოლაში ჯერ არ არის დასაქმებული, მეორედ გადის ინგლისურის გამოცდაზე, წინაზე ერთი ქულა დააკლდა. მაძიებლებს და მასწავლებლობის მსურველებს 10 კრედიტზე ჩაბარება მოეთხოვებათ, პრაქტიკოსებს ნაკლები ქულაც ეთვლებათ. მე პრაქტიკოსების წინააღმდეგ არ ვარ. მათ დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა მაძიებლები მათთან თანაბარ პირობებში არ არიან, ამას აღვნიშნავ. სკოლებში გასაუბრებაც არათანაბარ პირობებშია. როგორც გავიგე, მასწავლებლობის მსურველებს ესგ-ს ცოდნას სთხოვდნენ. ეს პედაგოგების უმრავლესობამაც არ იცის. ვფიქრობ, რომ მასწავლებლობის მსურველებს სიტუაციური ამოცანებით უნდა აფასებდნენ, მისი აზროვნება, მიდგომები გაიგონ, პრაქტიკული ცოდნა მოქმედ პედაგოგს უნდა მოეთხოვებოდეს“.