განათლების სამინისტროს სასწავლო წლის 15 სექტემბრამდე დაწყებას სთხოვენ - რას პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი?
რამდენიმე კერძო სკოლამ განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო წლის დაწყების ვადების გადმოწევის თხოვნით მიმართა. მათივე განმარტებით, კანონმდებლობით, შესაბამისი დასაბუთებისა და სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში კერძო სკოლებს აქვთ შესაძლებლობა, სწავლის დაწყების ვადები შეცვალონ. ასევე განსაზღვრულია სასკოლო ასაკი: სწავლის დაწყების მომენტისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს შესრულებული ექვსი წელი.
რაც შეეხება სკოლებს, რომლებიც სწავლის დაწყებას 15 სექტემბრამდე ითხოვენ, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ სტანდარტების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, რომელთა გამოქვეყნებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. საუბარია უსაფრთხოების რეკომენდაციებზე, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უნდა დაიცვან.
აღნიშნულ მოთხოვნას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა. მისი განმარტებით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება.
„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება.
„იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებს და სკოლებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.