შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„დასრულდა საგამოცდო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. მადლობას ვუხდი ამ პროცესის თითოეულ მონაწილეს - როგორც საგამოცდო პერსონალს, ასევე გამოსაცდელებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იცავდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, მასწავლებლობის მსურველების კი - აგვისტოს მეორე ნახევრიდან“, - განაცხადა მედიასთან საუბარში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.
30 ივლისს მასწავლებლობის მსურველები ბოლო გამოცდას უცხოურ ენებსა და ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებენ. საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო. წელს საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა 12 000-მდე გამოსაცდელი. პირველადი მონაცემებით გამოცდაზე გამოცხადდა რეგისტრირებულთა დაახლოებით 88 %.
საგამოცდო პროცესი 4 აგვისტოს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.