„საქართველოში სწავლის თვიური ხარჯები საკმაოდ მაღალია ევროპის მაღალშემოსავლიან და განვითარებად ქვეყნებთან შედარებით“ - კვლევა
10-10-2020

უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღების თვიური ხარჯები საქართველოში საკმაოდ მაღალია ვიდრე ევროპის მაღალშემოსავლიან და განვითარებად ქვეყნებში - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია GALT&TAGGART-ის კვლევაში. 

„უმაღლესი განათლება არის მძიმე ფინანსური ტვირთი ქართველი მოსახლეობისთვის. Eurostudent-ის თანახმად, სწავლასთან დაკავშირებული თვიური ხარჯები, რომლებიც საქართველოში 116.2 PPS-ს (The purchasing power standard არის ხელოვნური ვალუტის ერთეული, ერთ PPS-ს შეუძლია ერთიდაიმავე რაოდენობის საქონლისა და მომსახურების შეძენა თითოეულ ქვეყანაში) შეადგენს, საკმაოდ მაღალია ევროპის მაღალშემოსავლიან და განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, რაც ძირითადად გამოწვეულია სახელმწიფო დაფინანსების სიმწირით. შედარებისთვის, სწავლასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯები თურქეთში შეადგენს 112.7 PPS-ს, უნგრეთში 74.3PPS-ს და რუმინეთში 57.3 PPS-ს. სხვაობა კიდევ უფრო შესამჩნევია, დანახარჯების შემოსავლებთან მიმართებაში შედარებისას, რაც აჩვენებს ქართველი სტუდენტების დაბალ გადახდისუნარიანობას“ - ვკითხულობთ ანგარიშში. 

სწავლის საფასური წარმოადგენს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ მთავარ დანახარჯს, 85% წილით ჯამურ ხარჯებში. სახელმწიფო უნივერსიტეტებში განსაზღვრულია ყოველწლიური სწავლის საფასურის ჭერი - 2,250 ლარი, ხოლო კერძო ინსტიტუტებს აქვთ თავისუფლება განსაზღვრონ სწავლის საფასური აკადემიური წლის დასაწყისში და მოახდინონ შემდგომი კორექტირება.

სასწავლო მასალები უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯების მხოლოდ 5%-ს შეადგენს საქართველოში, ევროპულ ქვეყნებში კი საშუალოდ 18%-ს. სასწავლო მასალების მცირე წილი მთლიან ხარჯებში აიხსნება საქართველოში ბეჭდური და ციფრული სახელმძღვანელოების არარეგულირებული ბაზრით და უცხოელი თუ ქართველი ავტორების სახელმძღვანელოების პირატული ასლების ხელმისაწვდომობით.

„ქართველ სტუდენტებს ძირითადად ფინანსურად ოჯახები ეხმარებიან, როცა სხვა ევროპულ ქვეყნებში სტუდენტების შემოსავლებში მეტი წილი უკავია თვითგამომუშავებულ შემოსავლებს და სახელმწიფო დახმარებას, რაც ამსუბუქებს ფინანსურ ტვირთს შინამეურნეობებზე.

სტუდენტური სესხების სიმწირე საქართველოში კიდევ ერთი ბარიერია სტუდენტებისთვის, რაც ამცირებს მათ გადახდისუნარიანობას. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი კერძო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს საკუთარ დაფინანსების მექანიზმებს, რათა გაზარდონ ხელმისაწვდომობა და, შესაბამისად, სტუდენტების რაოდენობა“ - ნათქვამია კვლევაში. 

სახელმწიფო დაწესებულებებში სტუდენტების დაახლ. 65% და კერძო ინსტიტუტებში სტუდენტთა მხოლოდ ნახევარი ახერხებს დროულად ოთხწლიანი (საბაკალავრო) პროგრამების დასრულებას. სწავლის მაღალი ღირებულება და დაბალი აკადემიური შედეგები არის სწავლის მიტოვებისა და დაგვიანებული დამთავრების ძირითადი მიზეზები. აღსანიშნავია, რომ მამრობითი სქესის სტუდენტთა დიდი ნაწილი, განზრახ იხანგრძლივებს სტუდენტის სტატუსს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, სხვა უნივერსიტეტებში/პროგრამებში ადგილობრივი მობილობა და სრულ განაკვეთზე სამუშაოს დაწყება დამატებითი ფაქტორებია, რომლებიც ხშირად იწვევენ სწავლის გვიან დამთავრებას.


უფროსი ასაკობრივი ჯგუფები

უფროსი ასაკის სტუდენტების სეგმენტი ქართული უმაღლესი განათლების სექტორში თანდათან იზრდება: ამჟამად, სტუდენტების 14.3%-ს წარმოდგენენ 25+ წლის ასაკის ადამიანები, როცა იმავე კატეგორიაში ათი წლის წინ სტუდენტების მხოლოდ 6.6% იყო. მრავალჯერადი ჩაბარება და მაგისტრატურის საფეხურზე მოთხოვნის ზრდა არის უფროსი ასაკის მოსახლეობისგან მოთხოვნის ზრდის ძირითადი მიზეზები. აღსანიშნავია ისიც, რომ შეზღუდული სამუშაო შესაძლებლობები ხშირად უბიძგებს ბაკალავრის კურსდამთავრებულებს სწავლა მალევე განაგრძონ მაგისტრატურის საფეხურზე.

საშუალოდ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხვის 5.8% მოდის სტუდენტებზე, რომლებსაც უკვე აქვთ უმაღლესი განათლების ხარისხი. მრავალჯერადი ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილება, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ნაწილი მიზნად ისახავს კარიერული გზის შეცვლას.

ქართულ უმაღლეს განათლებაზე მოთხოვნა უფროსი ასაკის ჯგუფებისგან ჯერ კიდევ მცირეა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, რაც მიუთითებს ზრდის პოტენციალზე ამ სეგმენტში. ჩვენი მოლოდინით, მოსახლეობის დაბერება და არსებული უნარების შეუსაბამობა შრომის ბაზარზე ხელს შეუწყობს ზრდასრულთა მოთხოვნას საგანმანათლებლო სერვისებზე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. ჩვენი აზრით, მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდება მოკლე ციკლის პროფესიულ პროგრამებზე და სხვა მოქნილ საგანმანათლებლო სერვისებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203