ემოციური მზაობა, მოტივაციის უქონლობა, არახელმისაწვდომობა ინტერნეტსა და შესაბამის ხელსაწყოებზე, ტექნიკური და ციფრული კომპეტენციების ნაკლებობა, უსაფრთხოება და დამხმარე რესურსების სიმწირე - ეს იმ ჩამონათვალის ნაწილია, რის გამოც დისტანციური სწავლების პროცესი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა.
განათლების კოალიციამ წარმოადგინა კვლევა „რა უნდა გავითვალისწინოთ 2020-2021 აკადემიური წლისთვის“, რომელშიც ერთის მხრივ, დისტანციური სწავლების გამოწვევებსა და პრობლემებზეა საუბარი და მეორეს მხრივ, აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზებზე.
კვლევის მიხედვით, პირველი პრობლემა და გამოწვევა სკოლების დახურვის შემდგომ დაკავშირებული იყო სკოლებისა და მასწავლებლების ემოციურ მზაობასთან და მათ მიმღებლობასთან - აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა დაწყებით საფეხურზე, როდესაც მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ გამომუშავებული სწავლის საბაზო უნარები და საჭიროებენ მშობლების აქტიურ მხარდაჭერას გარდა ამისა, გამოკითხულ დირექტორთა ნაწილის თქმით, მასწავლებლების დარწმუნების ეტაპი, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა დისტანციური სწავლების პროცესში იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მათთვის. ანალოგიური პრობლემები წარმოიქმნა მოსწავლეთა ნაწილთანაც.
ემოციური მზაობა და მოტივაციის უქონლობა როგორც მასწავლებლებში ასევე მოსწავლეებსა და მშობლებშიც, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იყო სემესტრის ბოლოსაც. ამ კუთხით, უარყოფითი გავლენა იქონია პირველი სემესტრის შეფასების გადმოტანამ წლიურ შეფასებაში, რითაც მოსწავლეებს კიდევ უფრო დაუქვეითდათ დისტანციური სწავლების მოტივაცია. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა.
მოსწავლეთა და მასწავლებელთა ხელმისაწვდომობა ინტერნეტსა და შესაბამის ხელსაწყოებზე (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, პლანშეტი) - სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო, მოსწავლეთა 30%-ს აღნიშნულზე წვდომა არ აქვს.1 განსაკუთრებით მწვავე იყო ეს პრობლემა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან მიმართებაში და მთის და სოფლის სკოლების ნაწილში.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს არსებული რესურსების (ნეტ-ბუკების) ტექნიკური გაუმართაობის შესახებაც. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, მათი სიმძლავრე არ იყო საკმარისი, Microsoft teams-ში თუნდაც ხარისხიანად დასაკავშირებლად.
ამასთან ერთად, განათლების უფლების რეალიზებას ხელს უშლიდა მოსწავლეთა ჩართულობა შინამეურნეობებში.
ამავე მიმართულებით, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო გოგონების ჩართულობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. სხვადასხვა შემთხვევებში, მშობლები არ აძლევდნენ მათ უფლებას teams-ში ჩართულიყვნენ.
მოსწავლეები რიგ შემთხვევებში ამბობენ, რომ მასწავლებლების ნაწილი არ ატარებდა გაკვეთილებს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ტელესკოლა იყო საკმარისი მოსწავლეთა განათლებისათვის.
ტექნიკური და ციფრული კომპეტენციების ნაკლებობა, როგორც მასწავლებლებში, ასევე მოსწავლეებსა და მშობლებში - მასწავლებლებს გაუჭირდათ ახალ პლატფორმებზე ადაპტირება და მათი ტექნიკური მართვა. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მოსწავლეთა მოტივირება, „კლასის“ მართვა, გაკვეთილების სწორად დაგეგმარება, შეფასება. ამავე დროს, მოსწავლეების და მშობლების ნაწილსაც არ ჰქონდა საკმარისი კომპეტენცია დამოუკიდებლად ემართათ ესა თუ ის პროგრამა, შესაბამისად მასწავლებლებს და დირექტორებს უწევდათ ან უფრო მარტივ პლატფორმაზე გადასვლა (faceebok) ან დეტალური ინსტრუქციების მომზადება.
პერსონალური მონაცემების დაცვა და უსაფრთხოება - მშობლები ამბობენ, რომ მასწავლებლების მხრიდან ელექტრონული კომუნიკაციის არასათანადო უნარები, ხშირად ხელს უწყობდა კიბერ-ბულინგს მოსწავლეებს შორის. ბავშვები უკეთ ფლობენ ელექტრონულ მოწყობილობებსა და პროგრამებს რაც მათ მეტი მანიპულაციის საშუალებას აძლევს ელექტრონულ სივრცეში. მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ პრობლემა შეიქმნა ბავშვების გაწევრიანებამ მათი ასაკისთვის შეუსაბამო ინტერნეტ პლატფორმებზე, რამაც დამატებით სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენა ისინი.
დამხმარე რესურსების სიმწირე - პრობლემას ამწვავებდა ისიც, რომ ნაკლებად არის ხელმისაწვდომი ონლაინ საგანმანათლებლო რესურსები და დამხმარე მასალები ქართულ ენაზე.
რესურსების შექმნასა და ადაპტირებას კი ძალიან დიდი დრო მიჰქონდა. ამასთან ერთად, მასწავლებლებს სჭირდებოდათ დამატებითი ინსტრუქციები და რეკომენდაციები სასწავლო პროცესის წარმართვის, მოსწავლეთა შეფასების თუ არსებული ელექტრონული რესურსებისა და პლატფორმების სწორად ასათვისებლად.
როგორც „განათლების კოალიცია“ კვლევაში წერს, რეკომენდაციების კუთხით, გამოიკვეთა როგორც საშუალოვადიან ასევე მოკლევადიან ვადაში მოგვარებადი საკითხები. ძირითადი რეკომენდაციები ეხება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, სკოლის ადმინისტრატორთა გაძლიერებას, სასწავლო პროცესის მართვისა და ხელმისაწვდომობის საკითხებს.
მომდევნო სემესტრისთვის გამოიკვეთა, რომ აუცილებელია მკაფიო ინსტრუქციებისა და მითითებების შემუშავება სკოლების გახსნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებთან მიმართებით.
გამოითქვა მოსაზრება, რომ საჭიროა სკოლის ექიმების გადამზადება და მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება. ამავე საკითხთან მჭიდრო კავშირშია სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის, განსაკუთრებით დამლაგებელთა შრომითი პირობები. სამწუხაროდ, სკოლის ადმინისტრაციის ანაზღაურების საკითხი მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა განსჯის საგანი და აქამდე პოლიტიკის დღის წესრიგში არ იდგა, მაშინ როდესაც მასწავლებელთა ანაზღაურებაზე მუდმივად იყო საუბარი.
სასწავლო პროცესის ეფექტიანად მართვისათვის, მომდევნო სემესტრში სკოლების ოპერირებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია რისკების გათვალისწინება და გადაწყვეტილების ამგვარად მიღება. შესაბამისად, მათი თქმით, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობა.
შეფასების კუთხით, მონაწილეთა თქმით, უმჯობესი იქნება განმავითარებელი შეფასების ეტაპობრივად შემოტანა საბაზო საფეხურიდან დაიწყოს, მაშინ როდესაც მოსწავლეებიც, მასწავლებლებიცა და მშობლებიც ამას მიჩვეულები არიან. კონკრეტულად, მე-5 კლასის მეორე სემესტრიდან არ დაიწყოს განმსაზღვრელი შეფასების შემოღება და გადავადდეს მაგ. ერთი სემესტრით. პარალელურად, უმჯობესი იქნება აღნიშნული შეფასება არ მოიხსნას მე-12 კლასში, რადგან მოსწავლეებს მოტივაცია მთლიანად ეკარგებათ.
მშობლები და მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმის გადაწყობა ელექტრონული სწავლებისთვის, მოხდეს მისი განტვირთვა, შემცირდეს გაკვეთილების ხანგრძლივობა, გათვალისწინებული იყოს შესვენებები და ონლაინ ჩართული, მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება. ასევე მნიშვნელოვანია დავლებების გამარტივება და უფრო სახალისო და შემოქმედებითი დავალებების მიცემა მოსწავლეებისათვის.
ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სკოლებისთვის. ამ მხრივ, გამოიკვეთა სკოლების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის გაძლიერების აუცილებლობა. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ საჭიროა გაცილებით ქმედითი ნაბიჯების გადადგამ ინტერნეტ-პროვაიდერებთან მიმართებით. მაგ. შესაძლებელია შემუშავდეს მასწავლებლის, მოსწავლის თუ სკოლის ინტერნეტ პაკეტები. ამასთან, მოსწავლეებთან შესაძლოა გარკვეული ფილტრების დაყენება, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ინტერნეტის სისწრაფეს და, მეორე მხრივ უსაფრთოხების საკითხებს. ხელმისაწვდომობის საკითხებში მშობლები ზემოთქმულთან ერთად აუცილებლად მიიჩნევენ კომპიუტერული ტექნიკის ან სმარტფონების დარიგების პროგრამების ამოქმედებას დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებისათვის.