კერძო რეპეტიტორობის პრაქტიკა საქართველოში მრავალწლოვან ისტორიას ითვლის, რომელსაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩინა, თუმცა ამ კონკრეტული საკითხის ნიუანსები ცალკე განხილვის თემაა და ახლა მასზე შეჩერებას არ ვაპირებთ.
საინტერესო ისაა, რომ კომპანია GALT&TAGGART-მა ჩაატარა კვლევა განათლების სექტორი საქართველოში და ერთ-ერთი პუნქტი კერძო რეპეტიტორობას შეეხებოდა. გასაგებია, რომ კერძო რეპეტიტორობის პრაქტიკა, ერთი მხრივ, ეხმარება მასწავლებელს, მიიღოს დამატებითი შემოსავალი და დაბალი ხელფასის კომპენსირება მოახდინოს, ხოლო მეორე მხრივ - ეხმარება მოსწავლეს, გააუმჯობესოს აკადემიური შედეგები... ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „განათლებაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 17.8%-ია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სასტუმროებისა და რესტორნების შემდეგ“, - ნათქვამია კვლევაში, სადაც ასევე გამოთქმულია ვარაუდი, რომ „მასწავლებლების დაგეგმილი ხელფასის ზრდა შეამცირებს კერძო რეპეტიტორობის მოტივაციას და გაზრდის მასწავლებელთა ჩართულობას სასწავლო პროცესში“.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც რეფორმის ფარგლებში, პედაგოგების ხელფასების გეგმური ზრდიდან გამომდინარე, კერძო რეპეტიტორობის დეფიციტი შეიქმნება? - ამ კითხვაზე ჯერჯერობით ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოფიციალური მოსამზადებელი ცენტრიც უხვადაა, კერძო რეპეტიტორობის პრაქტიკის აღმოფხვრა, ლოგიკას მოკლებული სულაც არ არის: „ოფიციალური მოსამზადებელი ცენტრების შექმნა და კერძო სკოლებში ჩარიცხვების ზრდა ხელს შეუწყობს კერძო რეპეტიტორებზე მოთხოვნის კლებას. შესაბამისად, მოსალოდნელია ჩრდილოვანი განათლების წილის შემცირება ეკონომიკაში“, - აღნიშნულია GALT&TAGGART-ის კვლევაში.