ეროვნული გამოცდების აპელაციისთვის აბიტურიენტებს 4 დღე ექნებათ, საბოლოო შედეგები კი აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე საგამოცდო პროცესი შეაჯამა.
როგორც მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული გამოცდების აპელაცია მომავალ კვირას დაიწყება და ქულების გასაჩივრებისთვის აბიტურიენტებს 4 დღიანი ვადა ექნებათ. ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები კი აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება.
„აპელაციას რაც შეეხება, როგორც კი ბოლო საგნების შედეგები გამოქვეყნდება, მაშინვე დაიწყება ეს პროცესი. ასე რომ, შემდეგი კვირის დასაწყისში უკვე ვვარაუდობთ, რომ სააპელაციო პროცესი დაიწყება.
საპრეტენზიო განაცხადების შემოტანის ვადა 4 დღეს გასტანს და ამ ვადაში იმ აბიტურიენტებმა, რომლებსაც სურთ აპელაცია უნდა შემოიტანონ განაცხადი; განხილვების ვადა კი დამოკიდებული იქნება განაცხადების რაოდენობაზე და თუ ის ძალიან განსხვავებული არ იქნა წინა წლებისგან, ვფიქრობთ, აგვისტოს ბოლოს პროცესი დასრულება და ჩარიცხვების შედეგები გამოცხადდება“, - აღნიშნა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ.