ცვლილებები სამაგისტრო გრანტის განაწილების წესში: რა პუნქტები დაემატა დებულებას განათლების მინისტრის ბრძანებით?
06-08-2020

გათანაბრებული ქულა და გაიგივებული ქულები - აღნიშნული პუნქტები დაემატა „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებას. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ასევე განისაზღვრა რა შემთხვევაში ეთვლება მაგისტრანტობის კანდიდატს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“:

ა) მე-2 მუხლს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე​1“ და „ე​2“ ქვეპუნქტები:

„ე​1) გათანაბრებული ქულა – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებულ ქულასა და ტესტის ყველა დანარჩენი ვარიანტის შესაბამის ნაწილში მასთან გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი.

ე​2) გაიგივებული ქულები – ტესტის სხვადასხვა ვარიანტის შესაბამის ნაწილებში მიღებული ისეთი ქულები, რომელთა პროცენტული რანგები ერთმანეთის ტოლია;“

ბ) მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ნორმირებული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული გათანაბრებული ქულის, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გამოცდის ტესტის ნაწილის/გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე გაყოფის შედეგად მიღებული ქულა;“;

გ) მე-5 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „4​1“ პუნქტი:

„4​1.  მაგისტრანტობის კანდიდატს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტი აღმოჩნდება.“;

დ) 27-ე მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1​1“ პუნქტი:

„1​1. საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით:

ა) გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული გათანაბრებული ქულა;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული გათანაბრებული ქულა გაიყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის შესაბამისი ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა.“.

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული გათანაბრებული ქულა იყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და ტესტის თითოეული ნაწილისთვის მიიღება ნორმირებული ქულა;“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203