პირები, 0-დან 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოსგან ერთჯერადად, 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში, ბავშვებს 17 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება სასწავლო წლის დაწყებამდე“, - დასძინა პრემიერმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით კი შემდგომი განმარტებები, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.
„განცხადებების შევსებასა და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, - განაცხადა ტიკარაძემ.