სექტემბრიდან საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება - რამდენი ლარით მოიმატებს თქვენი ანაზღაურება?
13-08-2020

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20%-მდე მოიმატებს.

„კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15%-ით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის - 10%-ით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის - 10%-ით, აღმზრდელის - 20%-ით, აღმზრდელის თანაშემწის - 20%-ით, მუსიკის პედაგოგის - 10%-ით, ცეკვის პედაგოგის - 10%-ით, მზარეულის - 10%-ით, მზარეულის დამხმარის - 10%-ით, დარაჯის/დაცვის - 15%-ით, დამლაგებლის - 10%-ით, მრეცხავის - 10%-ით, საქმის მწარმოებლის - 10%-ით, სპეციალური პედაგოგის - 20%-ით, ფსიქოლოგის - 10%-ით, ლოგოპედის - 10%-ით, ბიბლიოთეკარის - 15%-ით, მუშის - 15%-ით, მებაღის - 15%-ით, მეეზოვის - 15%-ით, დირექტორის - 10%-ით, დირექტორის მოადგილის - კი 10%-ით. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ: საბავშვო ბაღების 32 ათასამდე თანამშრომელს ხელფასი ეზრდება - 2020 წლის ბიუჯეტი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203