მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით პრაქტიკოსი მასწავლებლები აღარ იქნებიან, რადგან ყველას მოუწევს კომპეტენციის დადასტურება.
პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილი კი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდისთვის რეგისტრაცია არ გაუვლიათ. რა მიზეზით? - ეს ალბათ ცალკე საუბრის თემაა, ზოგმა კორონა-პანდემიის გამო ვერ მოახერხა, რადგან არ იცოდა, სამომავლოდ, რა, როგორ განვითარდებოდა; ნაწილი კი უბრალოდ, კვლავ იმედს იტოვებს შეღავათის გაკეთების, რომელიც სახელმწიფომ აქამდეც არაერთხელ დაუწესა და ხისტი პოლიტიკა, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ მიმართ ჯერჯერობით არ გაუტარებიათ...
ასე მოვიდნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები დღემდე, რომლებმაც, ახალი სქემის მიხედვით, კომპეტენციის არდადასტურების შემთხვევაში, 2021 სასწავლო წლიდან სკოლები უნდა დატოვონ, ხოლო ისინი, ვინც საშემოდგომო გამოცდისთვის რეგისტრაცია ვერ ან არ გაიარა, სამსახურიდან 2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის გათავისუფლდებიან.
ბუნებრივია, ამ ამბავმა პრაქტიკოს პედაგოგებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ისინი ოფიციალურ სტრუქტურებს სთხოვდნენ, გამოცდისთვის დამატებითი რეგისტრაცია გამოეცხადებინათ. ჯერჯერობით, განათლების სამინისტრო ამაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, Etaloni.ge-მ კი ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვება მაინც შეძლო:
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა გაგვიმხილა, რომ პრაქტიკოსი პედაგოგების გამოცდისთვის რეგისტრაცია აუცილებლად გამოცხადდება, რადგან ამაზე განათლების სამინისტროსთან ერთად კარგა ხანია მუშაობენ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძესთან და სამინისტრო თანახმაა, პრაქტიკოს პედაგოგებს მიეცეთ შანსი, გავიდნენ გამოცდაზე.
„დამატებითი კი არა, გამოცდისთვის ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება... ჩვენ ამ საკითხს ასე ნამდვილად ვერ დავტოვებდით. რაც შეეხება რეგისტრაციის თარიღს, ჯერ დრო არის და კონკრეტული ვადებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, - განუცხადა Etaloni.ge-ს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა მაია კობახიძემ.