როგორ მიიღებენ განქორწინებული ან ემიგრანტი მშობლები, ბავშვის 200-ლარიან დახმარებას? - პასუხგაუცემელი კითხვები
14-08-2020

15 აგვისტოდან 0-დან 17 წლის ჩათვლით პირების 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია იწყება. თუ რომელ საიტზე უნდა ატვირთონ მშობლებმა საკუთარი მონაცემები და კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია უნდა განთავსდეს პორტალზე, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგადი ინფორმაცია უკვე გაავრცელა, თუმცა ამას გარდა, მოსახლეობაში არსებობს კითხვები, რომელზე  პასუხიც, ოფიციალურ სტრუქტურაში არ მოისურვეს.

Etaloni.ge რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დაკავშირებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ თანამშრომელს მაინც, რომელიც კომპეტენტური იქნებოდა და გაგვარკვევდა დეტალებში. ხვალ კი რეგისტრაცია იწყება და ის ყველა კითხვა კვლავ უპასუხოდაა დარჩენილი:

1. თუ მშობლები არაოფიციალურად არიან განქორწინებულნი, ასეთ დროს მონაცემები რომელმა მათგანმა უნდა ატვირთოს, მით უმეტეს, თუ ერთმანეთში კომუნიკაცია არ აქვთ?

2. თუ მშობლები ემიგრაციაში არიან, ვინ უნდა ატვირთოს ბავშვის მონაცემები და როგორ?

3. რა ქნან, იმ ადამიანებმა, ვისაც ინტერნეტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა არ აქვთ?

4. და კიდევ, პირი, ვინც რეგისტრაციისას 17 წლისაა, ხოლო თანხის აღებისთვის უკვე შეუსრულდება 18 წელი, მიიღებს თუ არა 200-ლარიან სუბსიდიას?

ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხსაც აქამდე ვერ მივიღეთ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია გავრცელდა, უფრო მეტი კითხვა გაჩნდა.

მაგალითად, ის, რომ პრემიერ-მინისტრმა როდესაც ეს ინიციატივა დააანონსა, აღნიშნა, რომ თანხა მშობლის ანგარიშზე 15 სექტემბრამდე უნდა დარიცხულიყო, ახლა კი ირკვევა, რომ რეგისტრაციის გავლა პირველ დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი, რაც ნიშნავს - სასექტემბროდ შვილების მომზადება, შესაძლოა, მთავრობის დახმარებით ვერ მოახერხოთ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ პირებმა, რომლებსაც რეგისტრაციისას პრობლემები შეექმნებათ, უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ასევე, შეეძლებათ დარეკონ ცხელ ხაზზე, რომელსაც, თითქმის ერთკვირიანი მცდელობის მიუხედავად, პირადად ჩვენ დაკავშირება ვერ შევძელით. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის საიტი გაიხსნება - რამდენი მშობელიცაა ქვეყანაში, იმდენი კითხვა გაჩნდება და წარმოუდგენელია ყველას ამომწურავად უპასუხონ.

ასე რომ ხვალიდან, 15 აგვისტოდან 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია იწყება, მშობლებო, მოემზადეთ!

ასევე გაეცანით

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203